აქცია #სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილი თქმით, პოლიცია დაპირდათ, რომ საღამოს შვიდ საათზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია თავისუფალი იქნება და აქციის ჩატარებას შეძლებენ. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ორივე აქციის მონაწილეები იშლებიან და მათი მხრიდან მხოლოდ ორი ადამიანი რჩება, რათა აპარატურა დაიცვას.

"იმდენი ხანი ვიდგებით, რამდენი ხანიც დასჭირდება გახარიას გადადგომას", — ამბობს შოთა დიღმელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას. უკვე მეოცე დღეა, რაც ანტისაოკუპაციო აქცია #სირცხვილია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

8 ივლისს რუსთაველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა. აქცია #სირცხვილიას მონაწილეებს ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ დადგომის საშუალება არ მისცეს და არც აპარატურა ააწყობინეს. საათების განმავლობაში ორ აქციას პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსები ჰყოფდა.

აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. რამდენჯერმე მოხდა მცირე დაპირისპირება. გამთეენისას ჩაკეტილი რუსთაველის გამზირი გაიხსნა. აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა პარლამენტთან ტერიტორია დაიკავეს.