"ჩემი ლიდერები ჩემი შვილები არიან და ჩემი სულიერი მოძღვარი მამაო", — ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, დიანა ბერეკაშვილმა იუსტიციის საბჭოში გასაუბრებაზე განაცხადა. ამ კომენტარით მან უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, არის თუ არა მისთვის მოსამართლე ლევან მურუსიძე ლიდერი.

"ვფიქრობ, ბატონი ლევანი გულისხმობდა იმას, რომ ის არის ძალიან გულისხმიერი, ყურადღებიანი, მეგობრული და უამრავი ადამიანური დადებითი თვისებები აქვს. შესაძლოა, ამას გულისხმობდა ლიდერის რანგში", — თქვა მოსამართლეობის კანდიდატმა.

მისივე განმარტებით, ის ფიქრობს, რომ შეძლება, თავადაც იყოს სასამართლოში კარგი ლიდერი.

"მეც ვარ ლიდერი, კარგი მოსამართლე, რომელსაც შეიძლება სხვა მოსამართლემ ჭკუა ჰკითხოს, დარიგება მიიღოს მისგან, არამარტო სამოსამართლეო საქმიანობაში. ამას თუ გულისხმობთ, მაგალითად, მეც მიმაჩნია ეს", — აღნიშნა ბერეკაშვილმა.