უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და მოქმედი გენერალური პროკურორი ფიქრობს, რომ კონკურსანტების 50-ეულშიც, 20-ეულშიც და უზენაესშიც სამართლიანად მოხვდება. ამის შესახებ მან საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის პასუხად ისაუბრა. კითხვა შეეხებოდა სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც საუბარი იყო, რომ, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრი, ერთიანი სქემით მოქმედებდა და ისე გადაიყვანეს 50 ადამიანი მეორე (გასაუბრების) ეტაპზე.

"მე ვფიქრობ, რომ 50-ეულშიც, 20-ეულშიც და უზენაესშიც სამართლიანად მოვხვდები. მე ვიცნობ ომბუდსმენის დასკვნას, მე არ ვისაუბრებდი ამ თემაზე, თქვენი კითხვა რომ არ იყოს ერთი, და მეორე, 2016 წელს რომ არ მქონდეს ღია ტრიბუნაზე დაფიქსირებული ომბუდსმენის დასკვნების მიმართ ჩემი კრიტიკული პოზიცია. ომბუდსმენის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირებების მოხდენა ქვეყანაში და ამ დასკვნაში ვერ წავიკითხე რომელი ადამიანის რა უფლება დაირღვა. არ მგონია, რომ ომბუდსმენი არის ის პირი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, რადგან ეს გამოცდილებები ომბუდსმენს არ უნდა ჰქონდეს. გარწმუნებთ, რომ იურისტზე მეტად კარგად ვიცი მათემატიკა, მათ შორის ალბათობის თეორია, უმაღლესი მათემატიკაც და ჩემ შემთხვევაში, ორი მოსამართლის აზრიც დაემთხვეს ერთმანეთს ალბათობის 1-1-ში ხარისხი არსებობს ის, რომ 4 დაემთხვეს ამის ალბათობაც არსებობს, მაგალითად საპროკურორო საბჭოს 11-ვე წევრის გადაწყვეტილება დაემთხვა ერთმანეთს ჩემთან მიმართებაში და პარლამენტში 101 წევრის პოზიცია დაემთხვა ჩემი მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში".

შალვა თადუმაძე უკვე ერთი წელია, რაც გენერალური პროკურორია. მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. თადუმაძე ეწეოდა საადვოაკტო საქმიანობას. ის ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი იყო.