თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ პროკურატურის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალათ.

მილიონ-მილიონ ლარის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. დაცვის მხარე კი ბრალდებულებისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. საბოლოოდ, მოსამართლემ გაიზარა ბრალდების მხარის პოზიცია ნაწილობრივ და ჯაფარიძე-ხაზარაძე გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. ბრალდებულები პროცესებს ანაკლიის პორტს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ "ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ანაკლიის პორტი მაინც აშენდება". ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და ყველას მოუწოდებს, ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმე ანაკლიის პორტს არ დაუკავშირონ.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.

თიბისი გრუპის 97%-მა ხაზარაძე და ჯაფარიძე ხელახლა აირჩია თავმჯდომარედ და მოადგილედ.

28 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის აქციების დაახლოებით 8%-ს დროებით გაასხვისებას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას. ხაზარაძის ინფორმაციით, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად სექტემბერში დააფუძნებს და მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

გაიგეთ მეტი: რა ვიცით თიბისის საქმეზე — ყველაფერი მოკლედ