რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის გუნდი რჩება ტელევიზიაში და აგრძელებს მუშაობას. ეს გაცხადება ნოდარ მელაძემ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ ტელევიზიაზე კითხვის პასუხად გაავრცელა.

მისი თქმით, რჩებიან რუსთავი 2-ში ბოლო წუთამდე, ვიდრე ექნებათ საშუალება, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ.

"ნიკა გვარამიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ აკეთებს ტელევიზიას. რაც შეეხება კურიერის გუნდს ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ და არაერთხელ, რომ ვრჩებით აქ, რუსთავი 2-ში სამუშაოს ბოლო წუთამდე, ვიდრე გვექნება საშუალება, რომ შევინარჩუნოთ სარედაქციო დამოუკიდებლობა და ვიდრე ხელისუფლება არ დაიწყებს ინტერვენციას ჩვენს რეპორტაჟებში, არ დაჭრის, არ დაგვიჩეხავს და არ მიგვითითებს, რომელიც რესპონდენტები უნდა ჩავწეროთ და ახალი ამბების რა თანმიმდევრობა უნდა განვათავსოთ. ჩვენ ვრჩებით, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე, ეს ტელევიზია ამ გუნდის მოტანილია მხრებით დიდი კრიზისის, გაჭირვების და ომის პერიოდში და, შესაბამისად, თუ ვინმესია რუსთავი 2, პირველ რიგი, რუსთავი ორელების, ადამიანების, რომლებმაც თავისი ცხოვრება გაატარეს ამ ტელევიზიაში", — განაცხადა ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, უკვე დაიგეგმა შემოდგომის სატელევიზიო ბადე, სადაც გათვალისწინებულია ყველა გადაცემა, მათ შორის პოსტსკრიპტუმი, შაბათის კურიერი, კვირის აქცენტები, არჩევანი, ვანოს შოუ.

"არ ვიცით, სექტემბრამდე რა შეიცვლება. ხელისუფლება მუშაობს ჩვენს გასაჩუმებლად, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ გავჩუმდეთ", — თქვა ნოდარ მელაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების გეგმას ახორციელებს და კრიტიკული მედიის დახურვა სურთ. ისინი ახალი გენერალური დირექტორისგან და მფლობელისგან არხის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ. აღნიშნულს, ქიბარ ხალვაში არ დაეთახმა და "ახირება" უწოდა.