მეცნიერებმა ტვინიდან ჩაწერილი სიგნალების წინადადებებად გარდაქმნა შეძლეს. კვლევის მიზანი იმ პაციენტებისთვის კომუნიკაციის ახალი მეთოდების შექმნაა, რომლებსაც დამოუკიდებლად საუბარი არ შეუძლიათ.

ეს კვლევა პირველია, რომელმაც ტვინის აქტივობა კონკრეტულ სიტყვებად გარდაქმნა, თანაც საკმარისად სწრაფად, რაც ბუნებრივი დიალოგის გამართვის საშუალებას იძლევა.

ამჟამინდელ ფორმაში აზრების წამკითხავი პროგრამა მხოლოდ წინასწარ გაწრთვნილ წინადადებებზე მუშაობს, თუმცა ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს პირველი ნაბიჯია, რომლის საფუძველზეც უფრო ძლიერი სისტემა შეიქმნება, რომელიც ტვინის აქტივობიდან ნებისმიერი სიტყვის ამოცნობას შეძლებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებს სურდათ შეექმნათ პროდუქტი, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს მარტივად კომუნიკაციის საშუალებას მისცემდა.

"ამ დრომდე არ არსებობს სისტემა, რომელიც პაციენტებს მისცემს საშუალებას, რომ კომუნიკაცია ბუნებრივი სისწრაფით წარმართონ", — აცხადებს ედუარდ ჩენგი.

კვლევა ფეისბუქის დაფინანსებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ეპილეფსიით დაავადებულმა სამმა პაციენტმა მიიღო, რომლებსაც სულ მალე ნეიროქირურგიული ოპერაცია უნდა ჩატარებოდათ. პაციენტებმა სისტემის საშუალებით რამდენიმე მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა შეძლეს. მაგალითად, რა ტიპის მუსიკა მოსწონდათ მათ, გრძნობდნენ თუ არა თავს კომფორტულად, საკმარისად თბილოდა თუ არა ოთახში და ხომ არ იყო საჭირო შუქის ანთება.

ახლა მთავარი გამოწვევაა ისეთი სისტემის შექმნაა, რომელსაც ტვინის აქტივობიდან ნებისმიერი სიტყვის ამოცნობა შეეძლება. ამისთვის საჭიროა, რომ ალგორითმი წარმოთქმული სიტყვებისა და შესაბამისი ტვინის აქტივობების შემცველ მასშტაბურ მონაცემთა ბაზაზე გაიწრთვნას.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.