ფორმულა კრეატივი ტელევიზიას ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის. On.ge-ს ფორმულა კრეატივში განუცხადეს, რომ ახალ მედიაპლატფორმასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობის შეთანხმება შედგა.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აქვს შესაბამისი მიზნები და ამ მიზნების მიღწევის საშუალებებიც თანხვედრაშია, შეგვიძლია პოტენციურ პარტნიორებად განვიხილოთ. აქვე დავადასტურებ, რომ დავით კეზერაშვილსა და ჩვენს შორის მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ და ძალიან მალე ჩვენი საზოგადოება და მაყურებელი იხილავს ჩვენი თანამშრომლობის შედეგებს. ეს იქნება სრულიად ახალი არხი რომლის ბრენდინგზე მუშაობა მიმდინარეობს და ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით. რაც შეეხება პროექტებს, რა თქმა უნდა, ჩვენს შექმნილ პროექტებს და კიდევ მრავალი სიახლეს მაყურებელი ახალ არხზე იხილავს", — განუცხადეს On.ge-ს.

დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ დღეს, პირველ აგვისტოს ფეისბუქგვერდზე დაწერა. ამ განცხადების შემდეგ ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება ოფიციალურად დაადასტურა. მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შექმნა რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დააანონსა.

ფორმულა კრეატივი ცნობილია მისი მთავარი პოპულარული პროდუქტით, ყველაზე წარმატებული ქართული სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები", რომელსაც კომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით იღებდა. ის ასევე ინტერნეტგამოცემა On.ge-ს მეწილეცაა. გარდა ამისა, კრეატივის გუნდს ეკუთვნის ფილმები "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", "ტაქსი", "ჭამა და სექსი", ასევე, მრავალი კომპანიის სარეკლამო რგოლი და ხმაურიანი კამპანია.

ვინ არის კეზერაშვილი?

დავით კეზერაშვილი, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსანია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

მის წინააღმდეგ ხუთი დამოუკიდებელი საქმე იქნა აღძრული 2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ბრალდებები ფულის გათეთრებას, თანხების გაფლანგვას, კორუფციას, 7 ნოემბრისა და იმედის საქმეებს უკავშირდება. 5 ბრალდებიდან პროკურატურამ სამი ვერ დაამტკიცა, ორ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ერთში მას ბრალი ყოფილ პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ედება. სისხლის სამართლის ეს საქმე ტელეკომპანია იმედის, 7 ნოემბრისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს ეხება. ამ საქმეზე ბრალდებას კვალიფიკაცია 2015 წლის მარტში შეეცვალა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 7 ნოემბრის, იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდთან დაკავშირებით) და სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზება იმედის ეპიზოდთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულები ედება.

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა 2013 წლის 14 ნოემბერს გამოაცხადა. 2015 წელს ის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2011 წლის კვლევაში წერია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, რადგან მის დიდ ნაწილს ყოფილ თავდაცვის მინისტრ, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს.

"ნაციონალური სატელევიზიო არხების სარეკლამო დროზე დე–ფაქტო მონოპოლიას სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი "ჯენერალ მედია" ფლობს, თბილისის გარე რეკლამების სეგმენტში კი დომინანტური პოზიცია აუთდორ.ჯი–ს უკავია", — ნათქვამია კვლევაში.

ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სახელიც ფიგურირებდა Panama Papers-ის სახელით გავრცელებულ ფარულ დოკუმენტებში.

Tribune De Geneve-ს თანახმად, 10 დღეში მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა, მისმა ათმა რწმუნებულმა ოფშორულ ზონაში სამი კომპანია დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთის ანგარიშზე ნავთობის ბიზნესიდან მიღებული მილიონობით დოლარი ირიცხებოდა. Panama Papers-ის თანახმად, შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე დაახლოებით 21 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, ამასთან, ამავე გზით მოხვდა დაახლოებით 25 მლნ სხვა ანგარიშებზე.

შვეიცარიული გაზეთის თანახმად, მას შემდეგ რაც 2013 წელს კეზერაშვილის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ამ უკანასკნელის რწმუნებულმა პანამის იურიდიულ კომპანიას დოკუმენტების რეგისტრაციისა და მათი ძველი რიცხვით დათარიღების თხოვნით მიმართა. გაზეთის თანახმად, პროცესის დაწყებამდე კეზერაშვილმა თანხა სხვა ორი ოფშორული კომპანიის ანგარიშებზე გადაიტანა.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ 2017 წელს დავით კეზერაშვილზე თქვა, რომ მან მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა. დღეს კი, როგორც მელია ამბობს, კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და ევროპულ საქართველოს აფინანსებს.