საქართველოს რკინიგზა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელფასების 50 პროცენტიანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალური და პოპულისტურია. მათივე განცხადებით, რკინიგზელებმა კარგად იციან კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და სიცრუეს უწოდებენ იმას, რომ 4 800 რკინიგზელი ემზადება გაფიცვისთვის.

საქართველოს რკინიგზის შეფასებით, რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს არ აქვს ლეგიტიმაცია, სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და, მით უფრო, დააანონსოს გაფიცვები, ვინაიდან, პროფკავშირი აერთიანებს მხოლოდ 400-მდე წევრს.

საქართველოს რკინიგზა განცხადებაში წერს, რომ წლების განმავლობაში თანამშრომლებს ხელფასები არ გაზრდიათ და ამას ახლა, პირველად აპირებენ, თუმცა არა 50 პროცენტით, არამედ, 10 პროცენტით:

"2020 წლის პირველი მარტიდან, საქართველოს რკინიგზის ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1 500 ლარს, ანაზღაურება 10 პროცენტით გაეზრდება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა".

რკინიგზის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ "ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით", კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა მიაჩნიათ, რომ ხელფასების 50 პროცენტიან მატებაზე მედიაციის პროცესში მონაწილეობა აზრს მოკლებულია. მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზას ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია.

საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულები, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ. ამის შესახებ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს ინფორმაციას. გაფიცვის დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილი 10 აგვისტოს გახდება. რკინიგზელები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ. პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა აცხადებს, რომ მედიაციის პროცესი დაიწყო, თუმცა ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე.