რა ხდება, როცა ჭეშმარიტი სიყვარულის არსებობას ვიჯერებთ
ძველმოდურ რომანტიკოსებს, შესაძლოა, არასწორი წარმოდგენა ჰქონდეთ სიყვარულზე. ჭეშმარიტი სიყვარულისადმი ღრმა რწმენას შეუძლია, ისე დაგაბრმავოთ, რომ თქვენი პარტნიორის დადებითი და უარყოფითი მხარეები ვეღარც აღიქვათ. ამას კი სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
ოდესმე გქონიათ შემთხვევა, როდესაც მეგობრებს პარტნიორთან არსებული პრობლემის შესახებ უყვებით, მათ კი მიაჩნიათ, რომ სანერვიულო არაფერია? ან გაუბამს თქვენს მეგობარს ახალი რომანი ადამიანთან, რომელიც მათთვის სრულიად შეუფერებლად მიგაჩნიათ, მაგრამ ამასობაში მათი ურთიერთობა უფრო და უფრო ძლიერდება?
ისეთი ფაქტორების გამოსავლენად, რომლებიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვიწყებთ და ვინარჩუნებთ ურთიერთობებს, ფსიქოლოგებმა ორი ტიპის სკალა შეიმუშავეს.
ერთი მათგანი ზომავს, რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ პირველ შთაბეჭდილებებს და შეთავსებადობის ადრეულ ნიშნებს; ხოლო მეორე ზომავს, რამდენად მოსალოდნელია, რომ ურთიერთობებში გაჩენილ პრობლემებზე ვიმუშავებთ. ამ ფაქტორებს ურთიერთობების გამოუთქმელ თეორიებს უწოდებენ, რადგან მათზე ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე. შესაძლოა, ჩვენ ინტუიციურად ვგრძნობდეთ, რამდენად გვჯერა ნამდვილი სიყვარულის, მაგრამ ამას სხვებთან ღიად იშვიათად თუ განვიხილავთ ან ახალი ურთიერთობების საწყის ეტაპზე იშვიათად თუ ვუკვირდებით.
ერთად, ამ ორ სკალას შეუძლია გვაჩვენოს, რამდენად სავარაუდოა, რომ პარტნიორებთან პრობლემებზე საუბარს თავს ავარიდებთ, იმ ადგილებში დავიწყებთ ნაკლოვანებათა ძებნას, სადაც რეალურად ყველაფერი წესრიგშია ან ახსნა-განმარტების გარეშე გავუჩინარდებით ურთიერთობიდან. ამ ფარულ განწყობებს შორის განსხვავებებში გარკვევით, შეიძლება, უკეთ გავიგოთ, რატომ არის ზოგჯერ სხვების რომანტიკული გადაწყვეტილებები ჩვენთვის სრულიად ამოუხსნელი.
თუ გსურთ გაიგოთ, რა ადგილს იკავებთ ამ ორ სკალაზე, ეს ორი ტესტი შეავსეთ:
სულიერი თანამგზავრის სკალა
მომდევნო კითხვებზე თქვენი პასუხი 1-დან 7-მდე ციფრით შეაფასეთ, სადაც 1 ნიშნავს, რომ სრულიად ეთანხმებით დებულებას, ხოლო 7 - რომ საერთოდ არ ეთანხმებით.
- რომანტიკული ურთიერთობების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეეფერებიან ადამიანები ერთმანეთს;
- სადღაც არსებობს ჩემთვის უნაკლო (ან თითქმის უნაკლო) ადამიანი;
- ქორწინებაში უამრავი ადამიანი პოულობს (და არა ქმნის) სიღრმისეულ, ინტიმურ კავშირს საკუთარ მეუღლესთან;
- უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მე და ჩემს მეუღლეს დაქორწინების შემდეგაც ერთმანეთი თავდავიწყებით გვიყვარდეს;
- ვერ დავქროწინდები ადამიანზე, რომელიც თავდავიწყებით არ მიყვარს;
- არ არსებობს იდეალური პარტნიორი;
- მაქვს მოლოდინი, რომ ჩემი მომავალი მეუღლე ყველაზე გასაოცარი ადამიანი იქნება, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ;
- იდეალური მეწყვილის ძიება დროის ფლანგვაა;
- ქორწინებების უმეტესობა იმიტომ სრულდება გაყრით, რომ ადამიანები ერთამენთს არ შეეფერებოდნენ;
- ადამიანებს შორის კავშირი მათ შეხვედრამდეც არსებობს.
რაც შეეხება ქულებს, პირველ რიგში, შეკრიბეთ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე, მეცხრე და მეათე კითხვების პასუხები. მეექვსე და მერვე შეკითხვებისთვის კი თქვენი თითოეული პასუხი გამოაკელით რვას - მიღებული ციფრი იქნება თქვენი ქულა მოცემული პასუხისთვის. მაგალითად, თუ მეექსვე კითხვა 6 ქულით შეაფასეთ, ჯამურ ქულას ამ პასუხისთვის 2 უნდა დაუმატოთ. როდესაც შეკრებთ ყველა პასუხს, გაყავით ჯამი 10-ზე და ეს იქნება თქვენი ქულა ამ სკალისთვის.
მოგვარების სკალა
მომდევნო კითხვებზე თქვენი პასუხი 1-დან 7-მდე ციფრით შეაფასეთ, სადაც 1 ნიშნავს, რომ სრულიად ეთანხმებით დებულებას, ხოლო 7 - რომ საერთოდ არ ეთანხმებით.
- წარმატება რომანტიკულ ურთიერთობებში, ძირითადად, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ცდილობენ ადამიანები მის გაუმჯობესებას;
- ქორწინებაში მონდომება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავსებადობა;
- ურთიერთობაში სიყვარული ღვივდება (მისი პოვნის საპირისპიროდ);
- ადამიანები თუ მოინდომებენ, ქორწინებათა უმეტესობა წარმატებული იქნება;
- კეთილგონიერი ადამიანების უმრავლესობასთან შევძლებდი ბედნიერი ოჯახის შექმნას;
- ქორწინებების უმეტესობა იმიტომ სრულდება, რომ ადამიანები საკმარისად არ ცდილობენ მათ შენარჩუნებას;
- ის, თუ რამდენად კარგად იცნობ ადამიანს, ურთიერთობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული;
- რიგით ადამიანზე დაქორწინების შემთხვევაში კმაყოფილი ვიქნებოდი;
- მხოლოდ დროთა განმავლობაში თუ შეიძლება, ნამდვილად კარგად გაიცნო შენი პარტნიორი.
ქულის გამოსათვლელად, შეკრიბეთ პასუხები და გაყავით 9-ზე.
ამ ტესტისთვის შეკითხვები ილინოისის ავრორას უნივერსიტეტის მკვლევრის, რენე ფრანიუკის ურთიერთობების თეორიის კითხვარიდანაა ამოღებული. მან ეს გამოკითხვა საკუთარ კვლევაში გამოიყენა, რომელიც გამოუთქმელ თეორიებს, ურთიერთობების ხანგრძლივობასა და კმაყოფილებას ეხებოდა. ფრანიუკი ამ ორ სკალას სულიერ თანამგზავრსა და მოგვარებას უწოდებს. სხვა მკლევარები მსგავსი სკალებისთვის ტერმინებს, ბედისწერასა და ზრდას იყენებენ.
თუ თქვენ სულიერი თანამგზავრის სკალაზე უფრო მაღალი ქულა აიღეთ და ამან გაგაკვირვათ, ფრანიუკის თქმით, მარტონი ნამდვილად არ ხართ: "ადამიანები მიდრეკილნი არიან იფიქრონ, რომ პრობლემების გადაწყვეტის მომხრეები არიან, თუმცა რეალურად უმრავლესობა სულიერი თანამგზავრის იდეისადმი ვართ უფრო კეთილგანწყობილები. როდესაც ზედაპირულად ვისმენთ ამ თეორიებს, სულიერი თანამგზავრის ცნება არამიმზიდველი გვეჩვენება, რადგან იგი არამეცნიერულად ჟღერს. თუმცა, ეს ხომ მხოლოდ ტერმინია. შეგვიძლია, ამ მოვლენას რაიმე სხვა ვუწოდოთ, რათა ადამიანებს მსგავს რომანტიკულ რწმენებთან თვითიდენტიფიკაცია გავუადვილოთ. თუ გავითვალისწინებთ, რამდენადაა დასავლური კულტურა მომართული მსგავსი იდეების წახალისებაზე, გასაკვირი აღარაა, ასე რომ გვწამს მათი ჭეშმარიტების".
ახლა, როცა უკვე იცით თქვენი ტესტის შედეგი, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება? ურთიერთობებში შექმნილ პრობლემებს ყველაზე კარგად ის ადამიანები უმკლავდებიან, რომლებსაც უფრო მაღალი ქულები ზრდის სკალაზე აქვთ. მეტიც, გამოწვევის არსებობამ მათი ურთიერთობები, შეიძლება, გააუმჯობესოს და გააძლიეროს კიდეც. წყვილები, რომელთაც ზრდის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ თავიანთ ურთიერთობას მეტად აფასებენ. ამ ადამიანებისთვის, შესაძლოა, საჭიროც იყოს მცირე, უმნიშვნელო პრობლემების არსებობა, რათა წყვილი ხელახლა ფოკუსირდეს ერთად მუშაობაზე. რაც უფრო მეტ ენერგიას დებენ პარტნიორები ურთიერთობაში, მით მეტად უვითარდებათ ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ გამოწვევები იზიდავთ კიდეც.
ამ მიზეზების გამო, მათ, ვისაც ზრდის სჯერათ, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციონ თავიანთ პარტნიორებთან არსებულ მნიშვნელოვან შეუთავსებლობებს. მათი აზრით, თავსებადობა დროთა განმავლობაში ყალიბდება - ეს კი ისეთი რამაა, რაც მუშაობად ღირს.
საპირსპირო ხდება ბედისწერის მომხრეებთან. ამას კი, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.
დიდი შანსია, რომ პრობლემის გაჩენამ, განსაკუთრებით ურთიერთობის ადრეულ სტადიაზე, დაშორება გამოიწვიოს, რადგან ბედისწერის მორწმუნე ხვდება, რომ მისი იდეალური სულიერი თანამგზავრი უნაკლო სულაც არ ყოფილა. ასეთმა ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ პარტნიორს მათი "არასოდეს ესმოდა" ან რომ პატარა ნაკლი "იმის სამხილია, რომ ერთმანეთს არ შევეფერებით". როგორც ფრანიუკმა აღმოაჩინა, ეს ხდება მაშინაც, როდესაც წყვილს რეალურად ერთობ ბევრი აქვს საერთო.
თუმცა უარესიც შეიძლება მოხდეს: მათ, შეიძლება, ურთიერთობის დასრულებისას გულისხმიერება დიდად არ გამოიჩინონ. ადამიანები, რომლებსაც ბედისწერის სწამთ, უფრო ხშირად უჩინარდებიან ყოფილი პარტნიორების ცხოვრებიდან - ანუ ისინი ერიდებიან კონტაქტს მანამ, სანამ მეორე ადამიანი არ დანებდება და თავად შეწყვეტს მათთან დაკავშირების მცდელობებს. ამ ტიპის ქცევას თანამედროვე სლენგით გოუსთინგი ეწოდება. რადგან ეს ადამიანები საკუთარ მეწყვილეებს არაშესაფერისად აღიქვამენ, შესაძლოა, ისინი თვლიან, რომ მათთან ურთიერთობის შენარჩუნება ან თუნდაც იმის ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტეს კავშირის გაწყვეტა, უსარგებლოა. "ისინი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ", - ამბობს ჟილი ფრიდმანი, მერილენდის სენტ მერის კოლეჯის ფსიქოლოგი, რომელიც სოციალური უარყოფის ფენომენს იკვლევს, - "თუმცა თუ ზრდის სკალაზე მაღალი ქულა გაქვთ, მეტი შანსია, რომ ახსნა-განმარტების გარეშე გაუჩინარება თქვენთვის მიუღებელი იყოს".
თუ რაიმე პრობლემის გამო არ დაშორდნენ და მაინც სწამთ, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვეს, ბედისწერის არსებობაში დარწმუნებული ადამიანები ხშირად პრობლემებს სრულიად უგულებელყოფენ. "ისინი, ვისაც ბედისწერის სწამთ, პარტნიორებს უფრო იოლად პატიობენ და უფრო ხშირად ერიდებიან მათთან კონფლიქტს, რადგან იმის დაჯერება სურთ, რომ ეს ადამიანი მათი სულიერი თანამგზავრია", - ამბობს ფრანიუკი. ეს, შეიძლება, მცირე უთანხმოებების დროს კარგიც იყოს, "თუმცა, თუ თქვენ დიდ კონფლიქტს თავს აარიდებთ, ისეთ ადამიანთან დარჩებით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ცუდ გავლენას ახდენს".
ამას, შეიძლება, მძიმე შედეგები მოჰყვეს. ბედისწერის მომხრეები, რომლებიც დიდი ხანია, ერთად არიან, უფრო ხშირად აქცევენ ზურგს პრობლემებს და თავს იტყუებენ, რომ ერთად გატარებული დროის ხანგრძლივობის გამო ერთმანეთს კარგად ეწყობიან.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდი ხანი რჩებოდნენ ბედისწერის თეორიის მომხრეები შეუფერებელ ადამიანთან, მით უფრო იზრდებოდა იმის ალბათობა, რომ რაღაც ეტაპზე ისინი ძალადობის მსხვერპლნი გახდებოდნენ", - აღნიშნავს ფრანიუკი, - "ისინი ურთიერთობაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებს ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩენენ და იმაზე მეტ შანსს აძლევენ საკუთარ პარტნიორებს, ვიდრე ამას სხვა ადამიანი იზამდა. ზოგმა, შესაძლოა, ადრევე შეამჩნიოს საგანგაშო ნიშნები და ურთიერთობა მალევე დაასრულოს. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ხედავენ, რომ შეუფერებელ მეწყვილეებთან არიან, მაგრამ ფინანსური დამოკიდებულების გამო ინარჩუნებენ ურთიერთობას. ამასთან ერთად, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ისინი უფრო მიმტევებლებიც არიან, რაც მათ სახიფათო სიტუაციებში აგდებთ".
როგორც ჩანს, რომანტიკული შეხედულებები დროთა განმავლობაში უცვლელი რჩება. ესე იგი, ერთხელ თუ იწამებ ბედისწერის არსებობას, მუდამ ამ რწმენის ერთგული დარჩები. "ამ შეხედულებებს ინდივიდებში ღრმად აქვთ ფესვები გამდგარი. როდესაც ადამიანები 20 და 30 წელს აღწევენ, ამის შემდეგ მათი ხასიათი ერთობ სტაბილური ხდება. ხასიათის მსგავსად, ურთიერთობების შექმნის გზებისადმი დამოკიდებულებაც ადრულ ასაკში გვიყალიბდება - ბავშვები ამ იდეებს თავიანთ გარშემო არსებულ ურთიერთობებზე დაყრდნობით აგებენ", - ამბობს ფრანიუკი.
აღსანიშნავია, რომ ეს ორი მიდგომა ყოველთვის ურთიერთგამომრიცხავი არაა. "შესაძლოა, მიიჩნევდეთ, რომ ურთიერთობები უმჯობესდება, როდესაც წყვილი პრობლემებზე ერთად მუშაობს, თუმცა, ამასთან, იმისიც გჯეროდეთ, რომ სადღაც თქვენთვის სრულიად შესაფერისი ადამიანი არსებობს", - ამბობს ფრიდმანი, - "ისეთი ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელიც თვლის, რომ ზრდა შეუძლებელია. ამასთან ერთად, ჩვენ რომანტიკული განწყობების გამოხატვის ფორმების შეცვლის უნარიც შეგვწევს. წარსული გამოცდილებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი მიდგომა გვექნება ახალი ურთიერთობებისადმი". ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბედისწერის გწამთ, გოუსთინგის ნაცვლად, თქვენ მაინც შეიძლება, ურთიერთობა გულისხმიერად დაასრულოთ ან პრობლემების უგულებელყოფისადმი მიდრეკილების მიუხედავად, მათ გადასაჭრელად მეტი ძალისხმევა გამოიჩინოთ.
როგორც იტყვიან, ჭეშმარიტი სიყვარულის გზა არასდროს ყოფილა გლუვი – მაგრამ საკუთარი რომანტიკული მისწრაფებების გაცნობიერებას შეუძლია, გზად შემხვედრი წინაღობები მეტი წარმატებით გადაგვალახინოს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები