ერთ დროს აქტიური, ინდუსტრიული სიცოცხლით სავსე ქალაქი, სენტ ბათანსი, ახლა მშვიდი, ტურისტების საყვარელი სივრცეა. ახალი ზელანდიის გულში, ოტაგოს რეგიონის ამ ნაწილში ოქროს და ქვანახშირის მოპოვება უკვე დიდი ხანია შეწყვეტილია. ქალაქს კი მართლაც შესაშურად უნიკალური მდებარეობა აქვს: იგი მილიონობით წლის წინ დამშრალი ტბის თავზე მდებარეობს. გასაკვირი არაა, რომ ტურისტების კვალდაკვალ, ამ წყნარ, პროვინციულ დასახლებას არქეოლოგებიც ხშირად სტუმრობენ.

ასე მოხდა 2008 წელსაც. არქეოლოგებისა და მოხალისეთა ჯგუფმა მორიგი გათხრებისას განამარხებული ძვლის ფრაგმენტები აღმოაჩინა. ისინი დაინომრა და არქივში გადაიგზავნა, სადაც მათ თაროზე 10 წელი დაყვეს, სანამ ასპირანტი ტრევორ ვორთის ყურადღება არ მიიქციეს. ეს დიდი ზომის ძვლის ფრაგმენტები, ერთი შეხედვით, მის აღწერაში მითითებულ "არწივის ძვლებს" არ წააგავდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შესაძლოა ვორთის წინაშე მეცნიერთათვის აქამდე უცნობი სახეობის ფაქტობრივი მტკიცებულება იყო. ახალგაზრდა მკვლევარი ამ თავსატეხის ამოხსნას შეუდგა.

მეცნიერი თავის ჯგუფთან ერთად მსგავსი ანატომიური მახასიათებლების მქონე ძვლების ძიებას შეუდგა. ეტაპობრივად საკვლევი არეალი შემცირდა და ვორთისთვის ნათელი გახდა: მას ხელთ თუთიყუშისნაირთა რიგის დიდი ზომის წარმომადგენლის ძვალი ეპყრა.

დედამიწაზე თუთიყუშისნაირთა 350 სახეობა ბინადრობს. მათ შორის ზომით ყველაზე დიდი კაკაპოა და მისი სამშობლო სწორედაც ახალი ზელანდიაა.

ფოტო: Joel Sartore / National Geographic Photo Ark

ფრენის არ მცოდნე ამ გასაოცარი ფრინველის ბედი 1995 წელს ბეწვზე ეკიდა, როდესაც კაკაპოების რაოდენობა 51 ერთეულამდე შემცირდა. დიდად გაუმჯობესებული მდგომარეობა არც ამჟამად აქვთ: ველურ ბუნებაში სულ რაღაც 189 ინდივიდი იბრძვის გადარჩენისთვის.

ვორთსის ჯგუფმა ძვლის მიხედვით თუთიყუშის ზომის და ასაკის განსაზღვრა სცადა. მიღებული შედეგები გამაოგნებელი გახლდათ.

სიმაღლე: დაახლ. 1 მეტრი

წონა: დაახლ. 7 კგ

ასაკი: 15 — 19 მილიონი წელი

აღმოჩენის მნიშვნელობის გააზრება ვორთისთვის მარტივი არ ყოფილა. კვლევის შედეგების მიხედვით, მის მიერ აღმოჩენილი ახალი სახეობის თუთიყუში კაკაპოზე ზომით 2-ჯერ დიდი გახლდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მკვლევარის ავანტიურისტული დაშვება ძალზე ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა სამეცნიერო საზოგადოებაში: მას ხომ ყველაზე დიდი ზომის თუთიყუშის არსებობის დამამტკიცებელი ფაქტობრივი მასალა გააჩნდა! რა თქმა უნდა სახელიც შესაბამისი შეურჩია: Heracles inexpectatus — ბერძნული მითოლოგიის უძლეველი გმირის ჰერაკლეს პატივსაცემად.

ამ გასაოცარი ფრინველის ზომა უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ: თუთიყუში ჰერკულესი ზომით სენბერნარის ჯიშის ძაღლზე დიდი იქნებოდა და იგი საშუალო სიმაღლის ადამიანს ალბათ წელამდე მისწვდებოდა.

ფოტო: Professor Paul Scofield, Canterbury Museum / IFLScience

გიგანტური თუთიყუში ხმელეთზე ცხოვრობდა და მას ფრენა არ შეეძლო. ნიადაგის ანალიზის მიხედვით ვიცით, რომ იგი სუბტროპიკულ ჰავაში ცოცხლობდა და შესაბამისად მის საცხოვრებელ სივრცეში ტროპიკული ხილის მსხმოიარე 60-მდე სახეობის ხე ხარობდა. ასე რომ, თუთიყუშ ჰერკულესს წესით არ მოშივდებოდა, თუმცა ასეთი დიდი ზომის ფრინველი მხოლოდ ხილის იმედად ვერ იქნებოდა. საჭირო კალორიების დაგროვება ახალ ზელანდიურ ცივ ზამთარში ძალზე პრობლემატური უნდა ყოფილიყო.

გადარჩენისათვის ფრინველები ხშირად ძალზე რთულ ადაპტაციურ გზებს ირჩევენ და შესაძლოა ჩვენი გმირიც არ ყოფილიყო გამონაკლისი. ამ მოსაზრების ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა თუთიყუში ჰერკულესი სხვა თუთიყუშებით იკვებებოდა!

ტრევორ ვორთის აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია თავისი ღირებულებით. ეს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის მრავალფეროვნების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და სიმბოლურად იმის შემახსენებელიც გახლავთ, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნებას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება.

ამ ფანტასტიკური აღმოჩენის შესახებ მკვლევართა ჯგუფმა გუშინ, ჟურნალში Biology Letters გამოქვეყნებული სტატიით ამცნო მსოფლიოს.