კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჰგონია, რომ ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის უნებართვო დაგებით ისტორიული ძეგლი არ დაზიანებულა. სწორედ ამ არგუმენტით არ მიმართა უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დასაწყებად.

"ახალი ფენილის დაგებით აუნაზღაურებელი ზიანი, ანუ მისი დაზიანების სახით არ განვიხილავთ, რადგან ეს სამუშაოები ექვემდებარება გამოსწორებას. არსებული ფენილი იატაკის შესაძლებელია, რომ აიყაროს, ჩატარდეს სრულფასოვანი არქეოლოგიური კვლევა-ძიება და მოეწყოს ფენილი სარესტავრაციო წესების გათვალისწინებით", — განმარტავს On.ge-სთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა ბარამიძე.

უწყების თანამშრომლებმა არ გამოიძახეს პოლიცია მაშინაც, როცა სასულიერო პირებმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წარმომადგენლები არ შეუშვეს მონასტერში უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს და მათთვის უცნობი იყო აყენებდნენ თუ არა ზიანს ისტორიულ ძეგლს.

— რატომ არ გამოიძახეთ პოლიცია, როცა სასულიერო პირებმა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეგიშალეს?

— ამ შემთხვევაში სამუშაოები არ შეფასდა, როგორც [აუნაზღაურებელი ზიანი]...

— როცა არ იყო ცნობილი რა მდგომარეობა იყო შიგნით, რა რატომ არ გამოიძახეთ პოლიცია?

— ფოტომასალა არსებობდა მანამდელიც და ის ფოტომასალა და ვიდეომასალა, რომელიც ვიხილეთ...

გუშინ, 10 აგვისტოს Facebook-ზე ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში მარმარილოს მეტლახი დააგეს. საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტო ყინწვისში მიმდინარე სამუშაოებს"თვითნებობასა" და "უკანონობას" უწოდებს. ისინი ამბობენ, რომ სცადეს ამ პროცესის შეჩერება, თუმცა სასულიერო პირებმა არ შეუშვეს.

პროკურატურის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყება მათი კომპეტენცია არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა მიმართოს, სხვა შემთხვევაში გამოძიება ვერ დაიწყება.

ისტორიული ფაქტები ყინწვისის მონასტერზე

ყინწვისის მონასტერი მე-12 საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია, რომელსაც მეუფე იობი განაგებს.

ყინწვისის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებზე სიუჟეტი რუსთავი 2-მაც მოამზადა. ტელევიზიის ცნობით, ყინწვისის მონასტერში სამუშაოები თვითნებურად მიმდინარეობს. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ არც საპატრიარქოში და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში. როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, წინა კვირას სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზეც იყო ჩასული, თუმცა ტაძარში არ შეუშვეს.