ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. ამის შესახებ On.ge-ს კონსორციუმში დაუდასტურეს. ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო აქცენტმა გაავრცელა.

ამერიკული კონტი ჯგუფი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქციონერი იყო. უცნობია, რა მიზეზით დატოვა ჯგუფმა კონსორციუმი.

21 მარტს პარლამენტში ვიზიტისას ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სამთავრობო კომისიამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამარჯვებულად გამოცხადება სწორედ კონტი ჯგუფის ფინანსური მდგომარეობის და გამოცდილების გამო მიიღო.

"რატომღაც ხდება ანაკლიის პროექტის და ანაკლიის კონსორციუმის უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან გაიგივება. მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ პროექტში 42 პროცენტით შესულია კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე ასეთივე თანაბარი წილით - 42 პროცენტის ოდენობით კონტი ჯგუფზე ფიქსირდება. სწორედ იმის გამო, რომ ანაკლიის კონსორციუმში შესული იყო კონტი ჯგუფი, მისი გამოცდილება და მისი ფინანსური მდგომარეობა იყო იმ პირობის შესრულება, რაც გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვაში", — განაცხადა მაშინ მინისტრმა.