შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, გუგუტიანთკარში ონლაინმედიის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ. უწყებების გადაწყვეტილებით, უკანონო ბორდერიზაციის პროცესის გადაღებას მხოლოდ ტელევიზია და საერთაშორისო მედია შეძლებს. კითხვაზე, რატომ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება და რატომ მხოლოდ ტელევიზია და საერთაშორისო მედია, გვპასუხობენ, რომ "ასეთია უწყების ოფიციალური გადაწყვეტილება და ყველა რომ შევიდეს, უსაფრთხოების კონტროლი გართულდება".

სუს-ისა და შსს-ს ამ გადაწყვეტილების გამო ონლაინმედია დიპლომატების გუგუტიანთკარში ვიზიტის გაშუქებას ვერ შეძლებს. დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საოკუპაციო ხაზთან, იქ სადაც უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა, დღეს, 12:00-ისთვის ჩავლენ.

15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. დადასტურებული ინფორმაციით, ორი ოჯახის, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდება. მათ ტერიტორიის დასაცლელად სამდღიანი ვადა მიეცათ. სამი დღის შემდეგ ისინი საკუთარ სახლებში ვეღარ შევლენ. შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს სოფლის მთავარი სარწყავი არხიც. შედეგად, ადგილობრივები წყლის გარეშე დარჩებიან. გორის საკრებულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ საკითხზე რუს სამხედროებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოაქცევდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.

ამავე თემაზე: