რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, იგი სამოქალაქო სარჩელს ამზადებს ტელეკომპანიის თანამშრომლების გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილის, ნოდარ მელაძისა და, ასევე, ინტერმედია პლუსის ერთ-ერთი მეწილის, კახაბერ ანჯაფარიძის წინააღმდეგ. კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნის ასევე ნიკა გვარამიას ახლადდარეგისტრირებული ტელევიზიის შპს მთავარი არხის წილი (49%).

"ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები სარეკლამო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან, საიდანაც ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო 2015 წელს ტელევიზიას, მოხვდა სხვა კომპანიაში. სხვა კომპანიიდან იქნა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გატანილი ეს თანხა, როგორც დივიდენდი და შემდეგ დარიგებული იქნა კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის სახით თუ რა სახით. შედეგად შეძენილია გარკვეული უძრავი ქონება, პრესტიჟულ სახლებში. ასეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც დავალებული არიან სხვასთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული".

პაატა სალიას განცხადებით, ნოდარ მელაძის და სხვების, მათ შორის, გიორგი გაბუნიას, კახა ანჯაფარიძის, გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლება გამოწვეულია სწორედ ფინანსური საკითხიდან გამომდინარე:

"ჩვენ ვფიქრობთ ისევე, როგორც გვარამიას წინააღმდეგ, ამ პირების წინააღმდეგაც მოგვიწევს სასამართლოში დავა. ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედაოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე".

რუსთავი 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მანვე აღნიშნა, რომ არხიდან ათავისუფლებს სხვა თანამშრომლებს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, გიორგი ლაფერაშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს. სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

გაიგეთ მეტი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზებზე: