რუსთავი 2-ის ეთერში არც 12 საათზე გავიდა საინფორმაციო გამოშვება კურიერი. მის ნაცვლად სერიალი "სერენადა" გადის. ეთერში არ გასულა კურიერი დილის ცხრა და ათ საათზე და მის ნაცვლად სერიალი "ჟამი ყვავილობისა" გაუშვეს.

რუსთავი 2-ის ვებგვერდზე ბოლო ახალი ამბავი წუხელ 21:05 საათზე დაიდო, მაშინ როდესაც 9-საათიანი კურიერის ბოლო გამოშვება გავიდა. რუსთავი 2-ის საიტზე წერია, რომ არხზე მიმდინარე მოვლენების გამო არ გავიდა ეთერში 12-საათიანი კურიერი, ხოლო დამატებით ინფორმაციას მათივე ვებგვერდიდანვე გაავრცელებენ.

გუშინ, 20 აგვისტოს საღამოს ცხრა საათზე ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.