ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ჯუნგლებისთვის დიდი შვიდეულის მიერ გამოყოფილ 22 მილიონ დოლარზე უარს ამბობს. ხელისუფლებაში უარის მიზეზებს არ ასახელებენ.

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამაზონის ტყეების ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. G7-ის ქვეყნების შემოთავაზების განხილვისას ბოლსონარუს ადმინისტრაციის უფროსმა თქვა, რომ ეს თანხა ევროპის ტყეებისთვის უფრო აქტუალური იქნება:

"მაკრონს ისიც კი არ შეუძლია, რომ თავიდან აირიდოს პროგნოზირებადი ხანძარი ეკლესიაში, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, და მას სურს, რომ ჩვენს ქვეყანას მისცეს გაკვეთილები?"

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ამაზონის ჯუნგლებში ხანძრებთან საბრძოლველად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, G7-ის ქვეყნები ბრაზილიას მატერიუალურ-ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენენ.

2019 წელს ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (Inpe) ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით გაიზარდა.

უფლებადამცველები ამაზონის ტყეების ხანძრებში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რადგან მისი ეკოლოგიური პოლიტიკის გამო ტყეების დანაკარგები გაიზარდა. ბოლსონარუ ამბობდა, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ხელისუფლებას რესურსი არ აქვს. ხანძრის გაჩენაში კი არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა, რომლებიც "დაფინანსების შემცირების გამო სამაგიეროს უხდიან".

საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ჟაირ ბოლსონარუმ ხანძრებთან საბრძოლველად 44 ათასი სამხედრო გამოყო, რომლებიც შვიდ სხვადასხვა რეგიონში განლაგდნენ.

ამავე თემაზე: