აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ 2020 წელს დიდი შვიდეულის სამიტი მის კუთვნილ გოლფის კურორტზე National Doral Miami Golf Resort-ში ჩატარდეს, რომელიც მაიამიში მდებარეობს. შემდეგი სამიტის მასპინძელი სწორედ აშშ იქნება.

როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია, თუმცა უკეთესი ვარიანტი არ არი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გოლფის კურორტს შეუძლია, ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდეს და, რაც მთავარია, მაიამის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის სავალზეა.

CNN-ის ინფორმაციით, თუ დიდი შვიდეულის სამიტი პრეზიდენტის კუთვნილ კურორტზე ჩატარდება, ტრამპი დიდ კრიტიკას დაიმსახურებს, რადგან სახელმწიფო ფული მისი შემოსავლების გაზრდას მოხმარდება. მსგავსი შემთხვევა იყო თვეების წინ, როდესაც დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ფლორიდაში, თავის კუთვნილ გოლფ-კლუბში მიიღო.

შემდგომში პრესკონფერენციაზე ტრამპმა განმარტა, რომ სამიტის მასპინძლობიდან ფულს არ გააკეთებს:

"საქმე ჩემში არაა, საქმე სწორი ადგილის მოძებნაშია".

მისივე თქმით, ადმინისტრაციამ 12 სხვადასხვა ადგილი შეათვალიერა, თუმცა მისი გოლფ-კლუბი ინფრასტრუქტურისა და ადგილმდებარეობის კუთხით საუკეთესოა.