სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გადაწყვიტა, შეისწავლოს რამდენად კანონიერად იწერს ტექნიკის მაღაზია iPlus მოქალაქეების საუბარს. სახელმწიფო ინსპექტორი ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც iPlus-მა ფეისბუქით გაავრცელა კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პეკინის გამზირზე 4 წლის ბავშვზე თავდასხმაა ასახული.

გავრცელებულ ვიდეოში შესაძლებელია ქუჩაში გამვლელების საუბრის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი განმარტავს, ვიდეოჩანაწერი პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს.

"ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა, მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი. კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული", — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.