ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) შექმნის პროცესმა საკვანძო ეტაპი გადალახა. როგორც იქნა, მეცნიერებმა ჰაბლის მემკვიდრე ტელესკოპის ყველა კომპონენტი ერთად შეკრიბეს და ის ერთ მთლიან კონსტრუქციად აქციეს.

ახლა ტელესკოპის მთავარი ტესტირების ფაზა დაიწყება, რაც 2021 წელს ტელესკოპის ორბიტაზე გაშვებით უნდა დასრულდეს.

JWST კოლოსალური სარკისა და უმაღლესი დონის ინსტრუმენტების გამოყენებით სამყაროში გაჩენილი პირველი ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული სინათლის დაფიქსირებას შეძლებს. მას ასევე ჩვენს მიერ დაფიქსირებული ეგზოპლანეტების გამოკვლევა და მათი ატმოსფეროების გააანალიზება შეეძლება.

ფოტო: NASA

ტელესკოპი შეგვიძლია სამ მთავარ ნაწილად დავყოთ — სარკეები და ოპტიკა, უზარმაზარი მზის ფარი და ტელესკოპის მართვის სისტემები. ახლა კი პირველად მეცნიერებმა ეს სამი კომპონენტი სტრუქტურულად დააკავშირეს.

JWST-ს მზის ფარი დაახლოებით ჩოგბურთის კორტების ზომისაა. მისი მიზანი ტელესკოპის მგრძნობიარე სისტემების მზის სხივებისგან დაცვაა. დიდი ზომის გამო მზის ფარი გაშვებისას დაკეცილ მდგომარეობაში იქნება. საკუთარი მოვალეობის შესასრულებად კი ფარი ორბიტაზე გაიშლება.

გაშვებამდე ცდების ფარგლებში მეცნიერები მზის ფარს სრულად გაშლიან და დაკეცავენ.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის (მარცხნივ) და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (მარჯვნივ) სარკეების ზომების შედარება

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის (მარცხნივ) და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (მარჯვნივ) სარკეების ზომების შედარება

ფოტო: NASA

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება სირთულეების გამო არაერთხელ გადაიდო.

მასზე მუშაობა ნასამ 1996 წელს დაიწყო, გაშვება კი 2007 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა 2005 წელს მეცნიერებმა ტელესკოპის დიზაინი მნიშვნელოვნად შეცვალეს და სამუშაოები თავიდან დაიწყო. ტელესკოპის კომპონენტებზე მუშაობა 2016 წელს დასრულდა.2018 წელს ნასამ მისი გაშვების თარიღი კიდევ გადადო, ამის მიზეზი საცდლი გაშლისას მზის ფარის გახევა იყო.

თავდაპირველი ბიუჯეტით ტელესკოპის ღირებულება 1,6 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა 2018 წლისთვის მისიის ბიუჯეტი 9 მილიარდ დოლარს გადაცდა.

ამჟამად ტელესკოპის გაშვება 2021 წლის მარტში იგეგმება.