ნეტფლიქსმა ახალი, სამ ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომელიც მაიკროსოფტის დამფუძნებლისა და ფილანტროპი ბილ გეითსის შესახებ გვიყვება. ფილმის სახელი Inside Bill’s Brain: Decoding Bill Gates არის და მისი ოფიციალური პრემიერა ტელურიდის 46-ე კინოფესტივალზე შედგება. პროექტის ავტორი და რეჟისორი დევის გუგენჰეიმია, რომელიც ლეგენდარული ინოვატორის განსხვავებულ პორტრეტს გვპირდება.

ფილმის ოფიციალური სინოფსისი ასეთია: მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ, გეითსმა გადაწყვიტა საკუთარი ინტელექტი და დრო სამყაროს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარებისთვის დაეთმო. ნეტფლიქსის სერიები მისი ცხოვრების გაუფილტრავ მოგზაურობას გვაჩვენებს, მის ტრიუმფსა და უკუსვლებს.

ტრეილერში ვხედავთ, როგორ აძლევენ ბილი და მელინდა გეითსები ინტერვიუს, თუმცა არ ჩანს რამდენად ღრმად შეძლო გუგენჰეიმმა პირადი საკითხების წარმოჩენა. ფილმში ასევე ვხედავთ გეითსის ოჯახურ ცხოვრებას, თუმცა ძირითადი თემა მაინც ისაა, თუ როგორ მუშაობს მისი გონება.

ტრეილერის დასაწყისში ავტორი გეითსს ეკითხება, თუ რა არის მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შიში, რაზეც ის პასუხობს : არ მინდა, რომ ჩემმა ტვინმა მუშაობა შეწყვიტოს.

ფილმის პრემიერა ნეტქლიქსის სერვისზე 20 სექტემბერს არის დაგეგმილი