პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერს 15 საათზე ტოკ-შოუს წამყვანებთან შეხვედრა ქონდა დაგეგმილი, გადადგომის შესახებ შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა.

მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მეოთხე პრემიერ-მინისტრი იყო. მანამდე 8 თვე ის ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. პოლიტიკაში მოსვლამდე 5 წლის განმავლობაში ის საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი იყო.

განათლება და სამუშაო გამოცდილება

ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ის სწავლობდა მენეჯმენტსა და მიკროეკონომიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრომექანიკურ ინჟინერიას ტექნიკურ უნვიერსიტეტში. მას მიღებული აქვს განათლება მოსკოვშიც, კერძოდ 2005 წელს მან ლომონოსოვის უნივერსიტეტის ბიზნესის უმღალესი სკოლის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

საქართველოში კარიერა ბახტაძემ 2006 წელს საქართველოს რკინიგზაში პროექტების მენეჯერად დაიწყო. 2007-დან 2008 წლამდე სასტუმროების ქსელ რჩეულის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2010-2012 წლებში საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორის, ხოლო 2013 წლიდან ფინანსთა მინისტრობამდე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.