რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, შემოდგომის სეზონი მალე დაიწყება. მისივე თქმით, გუნდი ემზადება იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც ხალხს უყვარს, ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს.

"კომედის ჯგუფი ჩვენთან არის, ძალიან დიდი ნაწილი კომედის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის, დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი. შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე დავბრუნდეთ კურიერით, მე ვსაუბრობ რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მაყურებელს მივაწოდოთ ის ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში ", — თქვა სალიამ.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, ასევე, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა.

27 აგვისტოს კომედი ჯგუფის ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი რუსთავი 2-ში რჩებიან. გვარამიას მთავარ არხზე კი გადავიდნენ ვანო ჯავახიშვილი, თამუნა ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი, ვასო ფხაკაძე და კიდევ რამდენიმე მსახიობი.