ფეისბუქმა ვებგვერდის დესკტოპ ვერსიის განახლება დაიწყო. დიზაინის განახლების შესახებ კომპანიამ პირველად ჯერ კიდევ მაისში, კონფერენციაზე განაცხადა. ახლა კი მომხმარებლების ნაწილმა ფეისბუქის განახლებული დიზაინი უკვე მიიღო.

ფოტო: Facebook

ფეისბუქი მომხმარებლებს განახლების შესახებ სპეციალური შეტყობინებით ამცნობს. კომპანიის თქმით, ახალ ვებგვერდზე ნავიგაცია და სასურველი ფუნქციების პოვნა უფრო გაადვილებულია. გადიდებულია ფონტები და გამარტივებულია დიზაინის ენაც.

ამ ცვლილების შედეგად დესკტოპ ვერსია ფეისბუქის მობილურ აპლიკაციასთან მეტ თანხვედრაში იქნება. მაგალითად, შეტყობინებების, მესენჯერის, ვიდეოების და საკუთარი პროფილის ღილაკები ახლა News Feed-ის ზემოთ იქნება მოთავსებული, ისევე, როგორც ეს მობილურ აპლიკაციაშია.

მარტში ცუკერბერგი დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში ფეისბუქი კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პლატფორმად უნდა იქცეს. ფეისბუქი ასევე აქტიურად მუშაობს, რომ ჯგუფების ფუნქცია მაქსიმალურად წინ წამოწიოს, ამის მიზანია, რომ მომხმარებლების მიერ ფეისბუქზე გატარებული დრო უფრო აზრიანი და სასარგებლო გახდეს.

განახლების შედეგად პრაქტიკულად ქრება ფეისბუქისთვის დამახასიათებელი ლურჯი ზოლი. ამით ფეისბუქი, შესაძლოა, ცდილობდეს, რომ სკანდალებით მოცული წარსული უკან ჩამოიტოვოს და საქმიანობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს.