საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. ასლან ბეჟანიძის შეწყალების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა. On.ge-მ დამატებითი დეტალების გარკვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სცადა, თუმცა, ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

18 წლის დათო ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში მოკლეს. მკვლელობისთვის ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

"2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ოთხმეზურს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი დავით ოთხმეზური მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა", — წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ განცხადებაში.