პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

"მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში ვინ ფიგურირებს.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე", — აღნიშნულია განცხადებაში.