ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მცდარია.ორგანიზაცი მხარს უჭერს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს და წერს, რომ კანონპროექტის პირველ განხილვაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.

"სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში მცდარი და ორაზროვანი ინფორმაცია გავრცელდა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია და ინიცირებული პროცესის მიზნები, რომელიც უფრო სამართლიანი და ღირსეული შრომითი და სოციალური პირობების შექმნისკენ არის მიმართული, ადამიანის ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმოჩინდა", — ნათქვამია გაცხადებაში.

მათივე ცნობით, მედიაში გავრცელდა არაზუსტი ინფორმაცია, რომიკრძალება ორ ან მეტ სამუშაო ადგილას ერთდროულად დასაქმება და, თუ აქამდე დეკრეტული შვებულება ერთჯერადი თანხით, მაქსიმუმ 1 000 ლარით, ანაზღაურდებოდა სახელმწიფოს მიერ, ახალი კანონპროექტით განისაზღვრება ერთდეჯარადი გადახდა ხელფასის 80%-ის ოდენობით.

"ორივე შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს და არასწორედ წარმოადგენს რეგულირების შინაარსს, ფარგლებსა და მიზანს", — აცხადებენ EMC-ში.

ორგანიზაციის განმარტებით კანონრპოექტი ადგენს სამუშაო დროის მაქსიმალურ ოდენობას, რაც, ევროკავშირის დირექტივა 2003/88/EC-ის შესაბამისად, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. [1] (დღეს მოქმედი კანონით, ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. პრაქტიკაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, ხშირია შემთხვევა, როდესაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გარეშე, დასაქმებულები 70 საათსზე მეტს ასრულებენ);

"შემოთავაზებული კანონის პროექტი ადგენს შეთავსებით მუშაობის დროის მაქსიმალურ ჯამურ ოდენობასაც: ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება, თუ დასაქმებულის მიერ ჯამში შეთავსებით ირღვევა 48 საათიანი ლიმიტი. ხაზგასასმელია, რომ ეს რეგულაცია არა ყველა, არამედ მხოლოდ რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში დასაქმებულ პირებს მიემართებათ (კანონის პროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს მთავრობის მიერ ერთზე მეტი შეთავსებით მუშაობისთვის რისკის შემცველი ეკონიმიკური საქმიანობის სექტორების განსაზღვრის ვალდებულებასაც)", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ რეგულაციის საფუძველზე, დასაქმებულს შესაძლებლობა ექნება, უარი განაცხადოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, თუ მისი ოდენობა დადგენილ ნორმას აღემატება.
შეთავსებით მოუშაობის შესახებ აღნიშნული ნორმა არ იწყებს მოქმედებას კანონის გამოქვეყნებისთანავე. მისი ამოქმედება დამოკიდებულია მინიმალური ანაზღაურების შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან.
დეკრეტული შვებულების განმავლობაში, დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80 პროცენტს ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს), და არა ერთჯერადად როგორც ეს მედიაში გავრცელდა.

EMC მხარს უჭერს შრომის სფეროში ისეთი მატერიალური და ინსტიტუციური სტანდარტებისა და გარანტიების შექმნის იდეას, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაციისგან და არაღირსეული შრომისგან დაიცავს.

"ჰუმანური და სოციალური შრომის პოლიტიკის გატარება კანონმდებლობაში დამატებითი რეგულაციების გატარებას საჭიროებს, რომელიც მათ შორის, ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებასა და ანაზღაურებას, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, შრომითი პირობების მონიტორინგის ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების გატარებას ევროკავშირის სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესი ასევე მოითხოვს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC იმედოვნებს, რომ ინიცირებულ პროცესს მთავრობასა და პარლამენტში მხარდაჭერა ექნება და შესაძლებელი გახდება შრომის კანონმდებლობის რეალური გაუმჯობესება.