სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობიდან არ გაათავისუფლა. ჯიქური აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა. როგორც მოსამართლემ განმარტა დაცვის მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ წარადგინა.

ჯიქურის ადვოკატი აცხადებდა, რომ თანახმა იყვნენ შედარებით მსუბუქ აღკვეთის ღონიძიებაზე, მათ შორის შინაპატიმრობაზე, გირაოზე და პასპორტის ჩაბარებაზე. მისივე თქმით, ოჯახი მძიმე სოციალურ მსგომარეობაშია, რასაც ცოლის ავადმყოფობაც ემატება.

თავად ჯიქურმა განაცხადა, რომ უკვე ერთი თვეა შიმშილობს და წონაში აქვს დაკლებული. ხოლო საპატიმრო დაწესებულებაში შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

"საბოლოოდ იქამდე მივალ, რომ ვეღარ ავდგები. გამოკვლევა მე არ მიტარდება. გაქცევას არ ვაპირებ და არაფერი. ოჯახი მყავს, შვიდი წლის შვილი, რომლის პატრონი არავინაა", — განაცხადა მან.

პროცესზე ჯიქურის ცოლი რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ უთხრა, რომ ის მხარე არ იყო, რის გამოც მის თხოვნას ვერ შეასრულებდა.

"მაშინ ის მაინც გაითვალისწიმეთ, რომ სახლში მშიერი შვილი მყავს" — თქვა ჯიქურის ცოლმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათი თქმით, ჯიქურს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერიზა აქვს დანიშნული და გათავისუფლება ამ პროცესს ხელს შეუშლიდა. მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე საპროტესტო აქცია გამართეს მოძრაობების #სირცხვილიას და გავრილოვის პატიმრების წევრებმა.

20 ივნისის აქცია

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას.

აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.