როდესაც ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი ტოდ ფილიპსი კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟის, ჯოკერის შესახებ ახალ და დამოუკიდებელ ფილმს იღებდა, მაყურებლებმა მაშინვე იმაზე მსჯელობა დაიწყეს, თუ ვის უნდა შეესრულებინა ამ ბოროტმოქმედის როლი. მანამდე ეს მისია არაერთ მსახიობს ხვდა წილად, მათ შორის საუკეთესოდ კი ხშირად ჰიტ ლეჯერის მიერ The Dark Knight-ში შესრულებულ როლს მიიჩნევენ, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ შესრულებად კი Suicide Squad-ში ჯარედ ლეტოს ჯოკერია აღიარებული.

ამ დიდი მოლოდინებისა და კომიქსების მოყვარული მაყურებლების მაღალი სტანდარტების ფონზე საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა ჯოკერის როლზე ხოაკინ ფენიქსის დამტკიცებას, მეტიც — ამ ფაქტმა ბევრი იმაშიც დაარწმუნა, რომ ახალი ფილმი რიგითი მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერი არ იქნებოდა.

ეს მოლოდინები გამართლდა კიდეც: ფილმის პრემიერა 31 აგვისტოს ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც კრიტიკოსების მოწონებასთან ერთად ტოდ ფილიპსის სურათი ფესტივალის ტრიუმფატორიც გახდა და საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ფოტო: Screenshot: YouTube

ფილმის ჩვენება ჯერ მხოლოდ რამდენიმე კინოფესტივალზე შედგა და მისი მსოფლიო პრემიერა 3 ოქტომბერს იქნება, მათ შორის საქართველოს კინოთეატრებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ მხოლოდ მაყურებლების მცირე რაოდენობამ ნახა და მათი უმეტესობისგან შესაშურად დადებითი შეფასებები დაიმსახურა, მან უკვე საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ვნებათაღელვა მაინც გამოიწვია.

ამერიკაში მოახლოებულმა პრემიერამ ბევრს 2012 წელს კოლორადოს შტატში მომხდარი შემთხვევა გაახსენა, როდესაც კრისტოფერ ნოლანის გახმაურებული ფილმის The Dark Knight Rises-ის პრემიერაზე ქალაქ აურორას კინოთეატრში მასობრივ სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 70 დაიჭრა. ამჯერადაც სწორედ კომიქსის მსგავსი ისტორიის ეკრანიზაციის პრემიერა ახლოვდება, თან ამ ფილმის სიუჟეტი მთლიანად ანტიგმირის, ჯოკერის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

2012 წელს დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ჯოკერის დისტრიბუტორ კომპანია Warner Bros.-ს მოუწოდებენ, რომ ყველა ზომა მიიღონ, რათა აღარ განმეორდეს The Dark Knight Rises-ის პრემიერაზე დატრიალებული ტრაგედია. ასევე, მათი აზრით, კომპანიამ ღიად უნდა დააფიქსიროს აზრი ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასთან დაკავშირებული შესაძლო რეფორმების ირგვლივ არსებულ საჯარო განხილვებში.

ფოტო: Niko Tavernise

ჟურნალისტებმა ამ საკითხზე ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის, ხოაკინ ფენიქსის შეხედულების გარკვევაც სცადეს, თუმცა ტაბლოიდთან ინტერვიუს დროს კითხვაზე, უბიძგებდა თუ არა ფილმი მაყურებელს ძალადობისკენ, მსახიობმა ინტერვიუ დატოვა. მოგვიანებით, სხვა გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ამჯერად მაინც ისაუბრა ამ თემაზე:

"ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია კარგსა და ცუდს შორის განსხვავება დავინახოთ. სხვა დანარჩენს კი ისეთ ინტერპრეტაციას ვაძლევთ, როგორიც ჩვენ გვსურს. ადამიანები ხშირად მაინც არასწორად იგებენ სიმღერის ტექსტებს ან წიგნების სათქმელს, ამიტომაც სულაც არ ვფიქრობ, რომ რეჟისორმა მაყურებელს მორალი ან კარგსა და ცუდს შორის სხვაობის გარჩევა უნდა ასწავლოს".

ეს ყოველივე, ალბათ, ნებისმიერ მაყურებელს ფილმის ყურების სურვილს კიდევ უფრო გაუმძაფრებს — მაინც როგორია ახალი ჯოკერი, რომელმაც უკვე შეძლო და კინოთეატრებში გამოსვლამდე შეაძრწუნა ადამიანები? ისღა დაგვრჩენია, ფილმის გამოსვლამდე დარჩენილი უკანასკნელი დღეები მივითვალოთ და პრემიერას დაველოდოთ.