თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო სტუდენტი ბუბა ნაჭყებია, რომელმაც ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ლექტორს აგინა. როგორც On.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სტუდენტს სასამართლომ შენიშვნა გამოუცხადა.

ნაჭყებია წერს, რომ სასამართლომ "გაითვალისწინა მისი პიროვნება" და სახდელი არ დააკისრა, თუმცა ამ გადაწყვეტილებით დაუნგრია მომავალი იურისტის კარიერა. მისივე თქმით, დანებებას არ აპირებს და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"დღეს ქართულმა მართლმსაჯულებამ აგვიკრძალა სოციალურ ქსელებში, დახურულ ჯგუფებში კომუნიკაცია. პირველმა ინსტანციამ დაუშვებლად ცნო გამყიდველი, რუსეთუმე, კომუნისტი, ოდეერი, სუს-ის აგენტი და ჩანერგილი პროფესორ-აკადემიკოსების ლანძღვა.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მოსამართლეობის საცდელ ვადაშივე მოაწერა ხელი კომუნისტურ იდეოლოგიებს. სტუდენტებს გვამარცხებენ, გვჩაგრავენ, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ, გვაცხოვრებენ ოცნებების გარეშე, კარიერული წინსვლის გარეშე, საჯარო სამსახურის გარეშე!.. ფართო გზა ეხსნება კომუნიზმს და რუსეთუმეებს..." — წერს ნაჭყებია სოციალურ ქსელში.

როგორც ნაჭყებია ამბობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა საქმის მოსაგებად გავლენები გამოიყენა. ის აქვეყნებს საბუთს, რომლის მიხედვითაც ლექტორი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს და ამბობს, რომ ადმინისტრაციამ ამ ფორმით საქმიდან "ხელები დაიბანა".

ფოტო: ბუბა ნაჭყებია / FB

On.ge ცდილობს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას თსუ-ის ადმინისტრაციაში.