ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება რუსთავი 2-ის ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას. ორივე მათგანი იმ დროს ამ არხზე მუშაობდა.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი", — აღნიშნავენ პროკურატურაში.

გუშინ, 2 ოქტომბერს თითქმის 9 საათის განმავლობაში იყო გამოკითხვაზე ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს მთავარი არხის დამფუძნებელსა და რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში რუსთავი 2-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში ინტერ მედია პლიუსის დეკლარირებულმა მოგებამ კი 8 690 664 ლარი.