ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშას მანქანა დაეჯახა და ადგილზე მოკლა. შემთხვევა დღეს, 7 ოქტომბერს მოხდა.

რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით, დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 276-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

"რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განმარტებით, ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ.