საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატის განათლების ხარისხი სათანადოდ არ დასტურდება. მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის მონიტორინგის ანგარიში 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ომბუდსმენის აპარატმა მიიჩნია, რომ მოსამართლეთა 50-კაციანი სიიდან 5 კანდიდატს უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან კითხვებს აჩენს. მათგან სამი კანდიდატი ზაზა თავაძე, შალვა თადუმაძე, მირანდა ერემაძე პარლამენტისთვის გაგზავნილ 20-კაციან სიაში მოხვდა.

გამოვლენილი გარემოებები:

ზაზა თავაძის შემთხვევაში კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარდგენილი და ომბუდსმენის აპარატის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტაციით, მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება ვერ აკმაყოფილებს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნას;

შალვა თადუმაძის შემთხვევაში, თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე, სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავს და აჩენს სერიოზულ კითხვებს მის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე;

მირანდა ერემაძის შემთხვევაში კი იკვეთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 1991-1995 წლებში ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში 4-წლიანი სწავლების შედეგად, მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორივე პროფესიაში, როგორც იურისტსა და როგორც ეკონომისტს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონთან და საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებთან.