15 ოქტომბერს კახეთის რეგიონში ტოიოტა კავკასიამ მედიის წარმომადგენლებისთვის მასშტაბური ტესტ-დრაივი მოაწყო, რომლის დროსაც ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტოიოტას ჰიბრიდული ავტომობილების ახალი ხაზი პირადად გამოგვეცადა.

ტესტ-დრაივის განმავლობაში ჯამში გამოვცადეთ ჰიბრიდული ხაზის 4 ავტომანქანა: RAV4, Camry, C-HR და Corolla. ღონისძიების მიზანი HEV (ჰიბრიდულ-ელექტრული ავტომობილი) ტექნოლოგიების განსხვავებულ პირობებში უკეთ გაცნობა იყო, მაგალითად, სწორ გზაზე, მაღალსიჩქარიან მაგისტრალზე, გასწრებისას, აღმართზე და ა.შ.

2015 წლიდან კომპანია ტოიოტამ ავტომობილების წარმოებაში TNGA (ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურა) პლატფორმა დანერგა, რაც თავისთავში ფუნდამენტურად ძლიერ ბირთვს გულისხმობს. TNGA ტოტალური ოპტიმიზაციის კონცეფცია და ახალი სტრატეგიაა, რომლის მიხედვით შექმნილი მანქანები უფრო სასიამოვნო და კომფორტულად სამართავია.

ტესტ-დრაივისას ისეთი სტანდარტული მახასიათებლების გარდა, როგორიცაა საწვავის მოხმარება და ამძრაობა, ჩვენ ტოიოტას ახალ უსაფრთხოების სისტემას, Toyota Safety Sense-საც გავეცანით, რომელიც ოთხ უახლეს, აქტიური უსაფრთხოების ტექნოლოგიას — ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების ფუნქციას, შორი განათების ავტომატურ სისტემას, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემას და დინამიურ კრუიზ-კონტროლს მოიცავს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უსაფრთხოების აქტიური სისტემები — Toyota Saftey Sense შექმნილია ტარების პროცესში მძღოლის დასახმარებლად. ვინაიდან გარე ფაქტორების ზემოქმედების გამო ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ დამხმარე სისტემების მეშვეობით ვითარება ზუსტად ვერ იყოს აღქმული, მძღოლის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს რეაგირების მთლიანად მინდობა აღნიშნულ სისტემებზე. მძღოლი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ვითარებას ავტომიბილის გარშემო და იცავდეს უსაფრთხოების ყველა ზომას.

Toyota RAV4 HEV

სტარტი გომბორის უღელტეხილის ყველაზე მაღალი წერტილიდან, ზღვის დონიდან 1620 მეტრზე ავიღეთ და დაშვება დავიწყეთ, დანიშნულების ადგილი წინანდალია, პირველი მანქანა — Toyota RAV4 HEV.

ახალი RAV 4-ით მგზავრობისას აუცილებლად შეამჩნევთ, თუ რამდენად ტევადია მანქანის სალონი. ადამიანების ნაწილს ჰგონია, რომ ჰიბრიდული ძრავები მხოლოდ პატარა მანქანებისთვისაა შექმნილი, თუმცა ეს ასე არ არის.

ახალ RAV4-ში 2,5-ლიტრიანი შიდაწვის ძრავა ჰიბრიდულ ელემენტს იდეალურად ერწყმის, რის შედეგადაც დაბალანსებულ და მძლავრ ავტომობილს ვიღებთ.

ეს მონაკვეთი ძირითადად დაღმართისგან შედგებოდა და როგორც მოსალოდნელი იყო დაშვების განმავლობაში, , ავტომობილის შიდაწვის ძრავა თითქმის მუდმივად გამორთული იყო, ჰიბრიდული ელემენტი კი დაღმართზე სრულად დაიტენა. გომბორიდან დაშვება კომფორტული იყო, მანქანა უსწორმასწორო გზასა და მკვეთრ მოსახვევებს დაუბრკოლებლად უმკლავდებოდა.

ტოიოტა RAV4-ის ტექნიკური მონაცემების მიხედვით, კომბინირებული საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 4,5 ლიტრია, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მარშრუტის პირველ მონაკვეთზე, გომბორიდან წინანდლამდე საწვავის ხარჯი 2,5 ლიტრს არ აღემატებოდა.

RAV4-ში ცოტ-ცოტა ყველაფერს შეხვდებით, მანქანა ქალაქში კომფორტულია, ის ავტომაგისტრალზეც სასიამოვნო სამართავია, მისთვის პრობლემას არც უსწორმასწორო გზა და ორმოები წარმოადგენს. თანაც, ამ ყველაფრის ფონზე ახალი ჰიბრიდული RAV4 გასაოცრად ეკონომიურია.

Camry HEV

წინანდალში ტესტ დრაივის მეორე ეტაპი დაიწყო, ამჯერად ჩვენ 2019 წლის Camry-ს საჭესთან აღმოვჩნდით. ამ ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ცალსახაა, რომ Camry თავისი მომხიბვლელობით, დიზაინითა და კომფორტით გამორჩეულია. წინანდლიდან იყალთოს მონასტრისკენ გავემართეთ. ამ ეტაპზე ჩვენ ჰიბრიდული ავტომობილის სიმძლავრე უნდა გამოგვეცადა. შეიძლება გაგიგიათ მოსაზრება, რომ ჰიბრიდულ მანქანებს რთული მონაკვეთების, მაგალითად, აღმართების დაძლევა უჭირთ, გზის ამ მონაკვეთზე ტოიოტას ჰიბრიდები სწორედ ამ კუთხით გამოვცადეთ. თუმცა, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თუ რამდენად სასიამოვნო სამართავია ახალი Camry. ავტომობილი ძალიან რბილად, ჩუმად გადაადგილდება და მგზავრობისას გაუმართავი გზაც კი პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

რაც შეეხება აღმართებსა და რთულ მონაკვეთებს, შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ მსგავსი მონაკვეთები ჰიბრიდების არა სუსტი, არამედ ძლიერი მხარეა. აღმართზე ასვლისას ავტომობილი ჰიბრიდულ ელემენტსა და შიდაწვის ძრავს ჭკვიანურად, ერთად იყენებს. ჰიბრიდული ელემენტი საშუალებას იძლევა, რომ საჭიროების შემთხვევაში მანქანა მომენტალურად აჩქარდეს, მანამ, სანამ შიდაწვის ძრავა ოპტიმალურ ბრუნვის სიჩქარეს მიაღწევს და საჭირო სიმძლავრეს გამოიმუშავებს.

ჰიბრიდული ავტომობილის მართვისას ორივე სისტემა ერთმანეთს აკომპენსირებს: ელემენტისგან ჩვენ მომენტალურ აჩქარებას ვიღებთ (რაც მხოლოდ შიდაწვის ძრავის ქონის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა), ამასობაში კი ბენზინის ძრავი ოპტიმალურ ბრუნვის სიჩქარეს აღწევს და მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სიმძლავრე უზრუნველყოს.

იყალთოს მონასტრის გავლის შემდეგ საბოლოოდ ალავერდის მონასტერში აღმოვჩნდით და მცირე შესვენების შემდეგ მომდევნო ავტომობილის გამოსაცდელად მოვემზადეთ.

C-HR HEV

ალავერდის კომპლექსიდან ლოპოტას გადასახვევამდე ჩვენი ავტომობილი Toyota C-HR იყო. მის დანახვისავე მიხვდებით, რომ აქ საქმე განსხვავებულ მანქანასთან გვაქვს. C-HR კომპაქტური, სპორტული და აგრესიული დიზაინის მქონე კროსოვერია. თუმცა ის ბევრ იმ თვისებასაც იზიარებს, რომელიც ტოიოტას ჰიბრიდული ხაზის სხვა ავტომობილებს გააჩნიათ.

აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვენ დინამიური კრუიზ-კონტროლი გამოვცადეთ. სისტემის გამოყენება უმარტივესია. მაგისტრალზე მოძრაობისას საჭეზე არსებული ღილაკით კრუიზ-კონტროლის ფუნქციას ააქტიურებთ და სასურველ მაქსიმალურ სიჩქარეს აყენებთ. შემდეგ ერთი ღილაკის მეშვეობით დინამიურ რეჟიმს რთავთ, ამ დროს მანქანა რადარ-სენსორის და კამერის საშუალებით წინ მიმავალ ავტომობილს ამოიცნობს და მას ეკრანზე გაჩვენებთ, ღილაკის მეშვეობით ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ დაშორება (30, 40 და 50 მეტრი), ანუ თუ რა მანძილზე უნდა მიუახლოვდეს თქვენი ავტომობილი წინ მიმავალ მანქანას. ამის შემდეგ ტოიოტას სისტემა სიჩქარის ავტომატურ კონტროლს იწყებს, როდესაც საჭიროა, მანქანა თავისით ანელებს სვლას, ხოლო როდესაც წინ მიმავალი მანქანა სიჩქარეს მოუმატებს, თქვენი ავტომობილიც შესაბამისად იმოქმედებს.

დინამიური კრუიზ-კონტროლი მანქანის მართვას ერთიორად უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.

Toyota Corolla

ლოპოტას გადასახვევთან მანქანები კიდევ ერთხელ გავცვალეთ და ამჯერად ტოიოტას ერთ-ერთი პოპულარული და ყველაზე გაყიდვადი მოდელი, 2019 წლის Corolla გამოვცადეთ. Corolla იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის, ის კომპაქტურია, მაგრამ ამავე დროს ტევადი, რა თქმა უნდა, ტოიოტას უსაფრთხოების ახალი სისტემებით ისიც სრულადაა აღჭურვილი.

ამ შემთხვევაში ჩვენ ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო სისტემა შევამოწმეთ, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია დინამიური კრუიზ-კონტროლის გამოყენების დროს. ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემა სპეციალური კამერებისა და სენსორების საშუალებით გზაზე დახაზულ ზოლს აფიქსირებს. ციმციმას ჩართვის გარეშე ზოლის გადაკვეთის შემთხვევაში მანქანა საჭეს ავტომატურად ასწორებს და საწყის მდგომარეობაში გაბრუნებთ.

ასევე გამოვცადეთ შორი განათების ავტომატური კონტროლის ფუნქციაც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შორი განათების ფარებმა შემხვედრ ზოლში მომავალი მანქანის მძღოლებს მხედველობაში ხელი არ შეუშალოს.

ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეგვიძლია ვთქათ, რომ ტოიოტას ჰიბრიდული ავტომობილების განახლებულმა ხაზმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ახალი მანქანები კომფორტული და მარტივი სამართავია, ისინი აღჭურვილია უახლესი სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ თქვენ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გადაადგილდეთ.

ტოიოტას მანქანებში ჰიბრიდული ელემენტი და შიდაწვის ძრავა ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია მოყვანილი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოიოტას ჰიბრიდული სისტემა, რომელსაც კომპანია უკვე წლებია ხვეწს, ბაზარზე კვლავ საუკეთესოა.

ტესტ-დრაივის პირველი ფაზა ლოპოტაში დავასრულეთ და მზადება მეორე დღისთვის დავიწყეთ. ტესტ-დრაივის მეორე დღეს ტყეში გადავინაცვლეთ და Toyota Fortuner უგზოობაში გამოვცადეთ, რაზეც მომდევნო სტატიაში მოგიყვებით.