ალბათ, თქვენც იცნობთ ადამიანებს, რომლებიც არც ისე დიდი ხელფასით უამრავი რამის გაკეთებას ახერხებენ. ისინი შეიძლება მითიურ ქმნილებებად გეჩვენებოდნენ, მაგრამ თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგი ადამიანი უკეთესად მართავს საკუთარ ფინანსებს, ზოგს კი მოზრდილი ხელფასიც წამებში ეხარჯება.

ჩვენივე გამომუშავებული თანხის (რამდენად მინიმალურიც არ უნდა იყოს) რაციონალურად გადანაწილების შემთხვევაში, საბოლოოდ სულ უფრო მეტი სურვილისა თუ დიდი ხნის ოცნების ასრულებას მოვახერხებთ. აი, საკუთარი შესაძლებლობების სწორად ვერშეფასებით კი უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილს ვტკეპნით.

მოკლედ, მინიმუმ 10 არასასურველი ჩვევა არსებობს, რომლიდან რამდენიმეზე უარის თქმაც, საგრძნობლად აისახება ჯიბეზე:

1. ტანსაცმელში ხელფასის 50%-ის დახარჯვა, რომ ყოველთვის სხვადასხვანაირად გამოიყურებოდე

ფოტო: giphy

სინამდვილეში არავინ ითვლის, რამდენჯერ გეცვა ერთი და იგივე სვიტერი, სამაგიეროდ ყველას ამახსოვრდება მეგობრული კომპლიმენტი თუ სწორად გადაჭრილი პრობლემა.

2. სატელევიზიო არხების ყველაზე ძვირადღირებული პაკეტის ყიდვა, როცა რეალურად ყველაფერს ინტერნეტში უყურებ

ფოტო: giphy

სატელევიზიო არხების ქონა თანამედროვე სამყაროში უფრო ტრადიციაა, ვიდრე რეალური საჭიროება.

3. საყვარელი ბრენდის ახალი მოდელის გამოსვლისთანავე ტელეფონის გამოცვლა

ფოტო: giphy

ტელეფონების გამოსვლის სისწრაფეს რთულია, დაეწიო, ასე რომ, დევნასაც არ აქვს აზრი. გამოცვალე ტელეფონი მაშინ, როცა შეამჩნევ, რომ დისკომფორტს გიქმნის.

4. იმპულსური შენაძენები

ფოტო: giphy

ხშირად გვეჩვენება, რომ იმის გამო, რომ რთული და დამღლელი დღე გვქონდა, მნიშვნელოვან შენაძენს "ვიმსახურებთ" - სინამდვილეში კი ასეთ დროს უბრალოდ მეგობართან ლაპარაკიც კარგი იქნებოდა.

5. ყოველთვის და ყველგან ტაქსით მგზავრობა

ფოტო: giphy

ამის მიზეზი თუ ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციებია, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფიზიკურად ვეღარ ეტევი, მაშინ, გასაგებია.

აი, ჩვეულ ვითარებაში კი ყოველთვის ტაქსით სიარული, თამამად შეგვიძლია, არარაციონალურ ჩვევად განვიხილოთ.

6. არსებული ვალების გადავიწყება და ისე ცხოვრება, თითქოს კრედიტი არ გაქვს

რა თქმა უნდა, სესხზე ფიქრი არავის უყვარს, თუმცა თავის მოჩვენება ისე, თითქოს მეგობრის ან ბანკის ვალი არ გქონდეს, არაფერს შეცვლის.

ვალების გარეშე ცხოვრება მცირეოდენ კომპრომისს მოითხოვს საკუთარ სურვილებთან, თუმცა სავსებით შესაძლებელია.

7. სამსახურში ყოველდღე საჭმლის გამოძახება

ფოტო: giphy

რა თქმა უნდა, პიცას არაფერი შეედრება, თუმცა ყოველ შესვენებაზე საჭმლის გამოძახება ჯიბეზეც ცუდად აისახება და კუჭზეც.

8. აზარტული თამაშების თამაში იმ იმედით, რომ ერთ დღესაც გამდიდრები

ფოტო: giphy

გაითვალისწინე, რომ ამ ფიქრში მარტო არ ხარ და ყველა ადამიანს იგივე მიზანი ამოძრავებს. ცოტა რთულია იმ სამყაროს წარმოდგენა, სადაც ყველას ერთად გაუმართლებს.

9. ყოველდღე ერთი შეკვრა სიგარეტის (რომელიც უკვე მინიმუმ საშუალოდ 5 ლარი ღირს) მოწევა

ფოტო: giphy

ჯიბეს თუ არა, ჯანმრთელობას მაინც სჭირდება მოფრთხილება, თუმცა, ეს კიდევ სხვა სტატიის თემაა.

10. სხვადასხვა მარკეტინგულ აქციებზე წამოგება

ფოტო: giphy

"იყიდე ერთი 20-ლარიანი მაისური და მიიღე მეორე უფასოდ" მხოლოდ მაშინაა კარგი შემოთავაზება, თუ მაისური ისედაც გჭირდებოდა. თუ მაღაზიაში უბრალოდ სახეტიალოდ შეიარე და იქ ორი მაისური იყიდე 20 ლარად, ესე იგი, ფული კი არ დაზოგე, არამედ - პირიქით.

და თქვენ რაში გეხარჯებათ ფული ყველაზე ხშირად?