პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ვახტანგ გომელაურთან და გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მეუფე იაკობთან შეხვედრას პატრიარქის გადაყენებაზე.

"პირველად გავიგე და ცოტა შოკირებული ვარ", — უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს და განმარტა, რომ "მეუფე იაკობი ის მეუფეა, რომ ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო".

"პატრიარქი არის 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელობის და მომავლის სიმბოლო. შესაბამისად, ამ სისულელებზე, უხერხულ მდგომარეობაში ნუ მაყენებთ. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ — მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა", — თქვა გიორგი გახარიამ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ყოფილ პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელ უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან და გიორგი გახარიასთან ერთად გაიმართა ეს შეხვედრა. ამის შესახებ ეპისკოპოსმა TV პირველზე ვახო სანაიასთან ინტერვიუში ისაუბრა.