დღეს, 3 ივნისს, პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურა წარადგინა. პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა არის მენეჯერი და ტრენერი 20 წლიანი გამოცდილებით. ის ამ დრომდე იყო მართვის აკადემიის თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით. ჯეჯელავა მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პერსონალის დაქირავებას, მართვას და გაყიდვების პროცესის ორგანიზებას სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციაში.

ჯეჯელავას აქვს მათემატიკის მაგისტრის, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრის და პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება.

2013 წლის ივლისიდან დღემდე განათლების მინისტრის თანამდებობას თამარ სანიკიძე იკავებდა, რომელსაც დღეს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შეასრულა:

"ეს იყო უამრავი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები განათლების სისტემაში განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა".

კვირიკაშვილმა ასევე განმარტა, რომ სანიკიძე რჩება გუნდში და უახლოეს მომავალში მის ახალ მანდატზეც იმსჯელებენ.