თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესიდან მოსამართლეებმა დამსწრეთა უმრავლესობა გააძევეს დარბაზიდან. აღნიშნულს წინ უძღოდა მოსამართლე გუჯაბიძის მიმართ რეპლიკები და ტაში, რის შემდეგაც პროცესი ნაწილობრივ დაიხურა.

სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყო, პროცესზე კი მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ, რომელიც რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა თაღლითობაში დაადანაშაულა, ბრალდებებზე განმარტება გააკეთა. სწორედ მის განმარტებებს მოჰყვა დარბაზის მხრიდან რეპლიკები და შემდეგ იმ დამსწრეთა გაძევება, ვინც ტაშს უკრავდა.

ნათია გუჯაბიძემ პასუხი გასცა ნიკა გვარამიას ბრალდებებს:

"მინდა გამოვეხმაურო საჯაროდ გავრცელებულ ბრალდებებს და მინდა როგორც მოსამართლემ დავალაგო ფაქტობრივი შემადგენლობა და დავალაგო, რას მოიცავდა ეს განცხადებები. პირველი: ის, რომ რუსთავი 2-ს არ სურს მისი საქმე განიხილოს თაღლითმა მოსამართლემ. მეორე: ის, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემი მისამართით მთავარ პროკურატურაში და მესამე: ის, რომ ჩემი მისამართით მიმდინარეობს დისციპლინური დევნა.როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოების საყურადღებოდ, ვინაიდან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

  1. იმისათვის, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი, რაც ბუნებაში არ არსებობს.
  2. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამავე დროს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განმარტება, რომ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არათუ ახლა, არამედ ჩემი 11-წლიანი სამოსამართლეო მოღვაწეობის განმავლობაში არასოდეს არ მიმდინარეობდა არანაირი საჩივრის საფუძველზე.
  3. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არანაირი დისციპლინური დევნა ჩემი მისამართით არ მიმდინარეობს და ჩემს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული სარეკომენდაციო წერილი.

მიუხედავად ამ ცრუ ბრალდებებისა და კონტექსტიდან ამოვარდნილი ინსინუაციებისა, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ეს ჩემს განსჯაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.

მიმაჩნია, რომ მთელი ეს ბრალდებები მიმართულია როგორც ჩემი, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის, ისე სასმართლო სისტემის წინააღმდეგ მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით".

განახლება: სტატიის თავდაპირველი სათაური გამოიყურებოდა ასე: რუსთავი 2-ის პროცესიდან ჟურნალისტების გარდა ყველა გააძევეს.