ფილმის, And Then We Danced-ის წინააღმდეგ აქციის გამართვას პარასკევს, 8 ნოემბერს ლევან ვასაძისა, სანდრო ბრეგაძის გარდა, სასულიერო პირებიც გეგმავენ. თელეთის ხარების ტაძრის მღვდელმა ბასილმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და ჰომოფობირი შინაარსის მესიჯები გააჟღერა:

"ამ ფილმის მიზანი არის ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა ჩამოაყალიბოს. უეჭველად, აბა ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი იქნება, როდესაც უყურებს ამ ფილმს, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს".

ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას. მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.