ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ბათუმში, კინოთეატრ აპოლიში კვერცხები და შუშხუნები შეყარეს. ისინი კინოთეატრის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, თუმცა პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს.

Kinoafisha-ს ინფორმაციით, ფილმ And Then We Danced-ის სეანსი ყველა კინოთეატრში, მათ შორის ბათუმში დაგეგმილ დროს დაიწყო. სეანსი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს კინოთეატრ ამირანსა და კავეა გალერეაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანთან ჰომოფობიურ აქციაზე, სადაც And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას ცდილობენ, 11 პირი დააკავეს. მათი თქმით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ანა სუბელიანზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

უწყება მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები.

აგრესიული პირები ფილმ And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას ცდილობენ და კინოთეატრ ამირანის სტუმრებს პიროტექნიკასა და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც.