"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს", — ასე ხნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი თავის გადაწყვეტილებას კანონპროექტისთვის მხარი არ დაეჭირა. მისი თქმით, ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება და პოზიციის დასაცავად ბევრი არგუმენტის მოყვანა შეუძლია, თუმცა მხოლოდ ერთიც საკმარისი იქნება:

"პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვეების განმავლობაში დაუკომპლექტებელ მთავრობას (გერმანია, ესპანეთი), კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან. რაც ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სერიოზულად დამაზიანებელი იქნება", — აცხადებს ის.

დეპუტატის თქმით, "მყარად არის დარწმუნებული", რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან მისი, როგორც მაჟორიტარის შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დახმარება იყო ადგილობრივი თვითმართველობისთვის.

"ბოლოს, როგორც ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, ესეც თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება ხალხის ნდობაში", — წერს წილოსანი ფეისუქგვერდზე.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. წილოსანი ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატს შორის, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც კანონპროექტს ხმები დააკლდა.

ასევე, წილოსანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ კანოპროექტის ინიციატორი იყო და აზრი შეიცვალა.