მოძრაობა ქვეყნის სამსახურშის აქტივისტებმა განაცხადეს, რომ პარლამენტში დეპუტატები იქამდე ვერ შევლენ, სანამ ისინი ხალხის ინსტრუქციებს არ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად. მათი თქმით, "საქართველო ივანიშვილის დაკრულზე აღარ ცეკვავს".

"საყოველთაო დაუმორჩლებლობის რეჟიმში ვართ, ეს დღეს არ დაწყებულა. თუმცა, დღეს არის მნიშვნელოვანი რაუნდი ამ ყველაფრის. იცით, რომ პარლამენტი უკვე ბლოკირებულია და მისი შესასვლელები არის დაკეტილი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის სწორი. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან აღარავითარი ლეგიტიმაცია იქ მომუშვე ადამიანებს არ აქვთ...

სანამ არ გვანახებენ ვოთსაფში ჯგუფს, სადაც დაელოდებიან მაგალითად, სალომე ბარკერის შეტობინებას როდის რა უნდა გააკეთონ, მანამდე ისინი იქ ვერ მოხვდებიან. ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე საქართველო აღარ ცეკვავს. დამთავრდა, მორჩა ეგ", — განაცხადა მოძრაობის აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა.

მან, აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია მიზნისკენ მიმავალი გზა და მათთვის პრიორიტეტია ისიც, რომ "ნომერ პირველი მტრის თმის ღერიც კი ეძვირფასებათ". ასევე, განმარტა, რომ რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს მათი მიზნები, ის არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე აქტივისტის თვალი.

რამდენიმე წუთის წინ ევროპული საქართველოს დეპუტატებმა პარლამენტს ბოქლომი დაადეს და ყველა შესასვლელი დაკეტეს. იქვე გაშლილია კარვები და ანთია ცეცხლი. აქტივისტები და პოლიტიკოსები მორიგეობას იწყებენ იმისთვის, რომ დეპუტატებს ხვალ პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ჯერ ექსცესს ადგილი და თუკი იქნება, მას მაშინვე აღკვეთენ.