მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ბერძენი რეჟისორი, იორგოს ლანთიმოსი სერიალს გადაიღებს, რომელიც მარკ სილის ცნობილი ბესტსელერი წიგნის, The Man In The Rockefeller Suit-ის სატელევიზიო ეკრანიზაცია იქნება.

წიგნი, რომლის მიხედვითაც სერიალს იღებენ, რეალური პიროვნების, კლარკ როკფელერის შესახებ მოგვითხრობს: ეს ცნობილი პიროვნება წარმატებული კარიერისა და მომხიბვლელი ოჯახური გარემოს მიღმა დანაშაულებით სავსე ცხოვრებას მალავდა. ამ ისტორიის მიხედვით 2010 წელს ფილმიც გადაიღეს, თუმცა, როგორც ჩანს, მალე უფრო ვრცელი ქრონომეტრაჟის მქონე სერიალში მის ცხოვრებას უფრო ვრცლად და ახლებური ინტერპრეტაციით გავეცნობით.

სერიალის მწარმოებელი კომპანია Fox Searchlight იქნება, რომელსაც მანამდეც უმუშავია იორგოს ლანთიმოსთან: სწორედ მათი საერთო პროდუქტია ფილმი The Favourite, რომელმაც რეჟისორს ოსკარის 10 ნომინაცია მოუტანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ითამაშებს სერიალში. მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად ბედიქტ კამბერბეჩის განიხილავდნენ მთავარ როლში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბერძენმა რეჟისორმა გამორჩეული ხელწერით თანამედროვე კინოში უკვე დატოვა თავისი კვალი ისეთი ფილმებით, როგორებიცაა ლობსტერი, წმინდა ირმის მკვლელობა თუ ფავორიტი, წინ უჩვეულოდ საინტერესო სატელევიზიო შოუ გველის.