გაერთიანებული ოპოზიცია სახალხო დამცველს გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო სისტემის ქართულ მოდელს გადაუგზავნის. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, ინიციატივას პარლამენტში ხვალამდე დაარეგისტრირებენ, რათა სახალხო დამცველმა ეუთო / ოდრისთვის კანონპროექტის გაგზავნა შეძლოს.

"დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების დრო აღარ არის დარჩენილი და ამიტომ მოგვიწია სრულიად ახალი მოდელის შემუშავება. ჩიხიდან გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტია", -— განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზად არის ეუთო/ოდირისგან მიღებული შენიშვნები გაითვალისწინონ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელზე გადასვლა მას შემდეგ შესთავაზა, რაც პარლამენტმა 2020 წლისათვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. როგორც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, გერმანული მოდელის შემოღება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს. საპირისპირო ამტკიცებს მმართველი გუნდი, მათი აზრით გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.