პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ელენე ხოშტარიაზე სექსისტურად ისაუბრა. ვოლსკის კომენტარი ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

"ერთ-ერთი დეპუტატი გოგოებს იკრებს გარეთ და უბილწესად იგინება. არც ერთხელ, არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის შეკითხვაც არ დაუსვამს, რატომ მიმართავს არათუ უზრდელობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას. არც ერთხელ ეს შეკითხვა არ დასმულა", — ამბობს ვოლსკი.

კითხვაზე, ეთიკურია თუ არა, როდესაც უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში უცენზურო პოსტებს წერს, ვოლსკი მასზე საუბრისას მის პოზიტიურ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას:

"საკმაოდ ჩამოყალიბებული, კარგად ორგანიზებული, პატრიოტი და მცოდნე ადამიანია. დიმიტრი სამხარაძეზე შეტევის საფუძველსაც ვხედავ სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ბილწსიტყვაობაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ გაიმართოს, პირველ ადგილზე გავლენ, იმდენად ხეპრულ ენას იყენებენ. „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა მყავს მხედველობაში. არ მგონია, რომ ვინმეს ამ თემასთან დაკავშირებით რამე ჰქონდეს აქეთ შესაკითხი. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას და გინებას დიმიტრი სამხარაძისგან, არ მინახავს".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცაქართული ოცნების წევრები სექსისტური შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ. მაგალითად, ქართული ოცნების მაშინდელმა პოლიტიკურმა მდივანმა; ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე თავდაცვის მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ ოპონენტ ქალს, სანდრა რულოვს "ურჩია" "დაისვენოს და ქმარს მიხედოს".