რუსეთში გადაღებულმა ვიდეომ, სადაც პოლარულ დათვს ტანზე ტ-34 აწერია, ცხოველთა დაცვის ექსპერტები საგონებელში ჩააგდო. მათი აზრით ცხოველს ნადირობისას პრობლემები შეექმნება, რადგან მას მსხვერპლი ადვილად შეამჩნევს.

"ტ-34" იმ რუსული ტანკის სახელწოდებაა, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური მოძრაობა დაამარცხეს.

ვიდეო ფეისბუქზე ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენელმა სერგეი კავრიმ დაპოსტა, რომელიც შემდგომ სხვა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. ცდილობენ ვიდეოს ავტორი და გადაღების კონკრეტული ადგილი დაადგინონ.

კავრის თქმით ვიდეო ჩუკოტკიდან WhatsApp-ში ადგილობრივებმა გაავრცელეს. დათვთან შეხება მეცნიერებსაც აქვთ, თუმცა გამორიცხულია მათ ასეთი რამ ჩაედინათ.

„ზუსტად წარმოდგენა არ მაქვს რა ადგილას გადაიღეს ეს ვიდეო“, ამბობს კავრი. მისი აზრით ეს ფაქტი ყველაფერთან ერთად მსოფლიო ისტორიის შეურაცხყოფაც არის.

ბუნების მსოფლიო ფონდის პრესსპიკერმა დარია ბაიანოვმა BBC-თან საუბრისას განაცხადა, რომ კადრები შოკისმომგვრელია და ცუდ ხუმრობას ჰგავს.

ბიოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერის ანატოლი კოჩნევის თქმით, დათვს დაძინების გარეშე სხეულზე ვერაფერს დააწერდნენ. დათვი სავარაუდოდ რუსეთში, ახალი მიწის რეგიონში გადაიღეს, სადაც მეცნიერები ცხოველებს გამოკვლევების ჩატარების მიზნით აძინებენ. ბოროტმოქმედებმა დათვს სავარაუდოდ მაგ დროს მიაგნეს.

რუსული მედია ამ ფაქტს იმასაც აბრალებს, რომ ბოლო პერიოდში დათვები ხშირად სტუმრობენ დასახლებულ ადგილებს, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოწვია. თებერვალში ახალ მიწაზე საგანგაშო სიტუაციაც გამოცხადდა, როდესაც სოფლებში დიდი რაოდენობით პოლარული დათვები გამოჩდნენ.

ვიდეოში ნაჩვენებია, დათვები როგორ გადაადგილდებიან დასახლებულ ადგილას.