სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ის მხარეებს კეთილსინდისიერი დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალს, და რას აკეთებს მის გადასაჭრელად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დისკუსიის ხელშეწყობას.

"შეერთებული შტატები მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მშვიდი და ღირსეული დიალოგისკენ მოუწოდებს, იმ მიზნით რომ მიღწეულ იქნას მისაღები სამომავალო გზა მას შემდეგ, რაც საქართველოს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ჩვენმა საელჩომ თბილისში, საქართველოში ევროკავშირის მისიასთან კოორდინაციით და სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად 30 ნოემბერს მხარი დაუჭირა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგს. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი შეხვედრების მხარდაჭერას, რათა მხარეებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად გააგრძელოს კეთილსინდისიერი დისკუსიები, რომლის მიზანიც ნდობის აღდგენა და სამომავლო გზის პოვნაა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რის წინაშეც დღეს საქართველოა", — აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ