2020 წლის თებერვლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 14-17 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს სასწავლო კურსებს საკვირაო სკოლის ფორმატით.

სკოლა იქმნება იმ ახალგაზრდების ხელშესაწყობად, რომელთაც თვითგანვითარების სურვილი აქვთ. საპილოტე კურსები ორთვიანია და მოიცავს რვა 2-საათიან გაკვეთილს შემდეგ დისციპლინებში: ქართული, ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკოლოგია, სამოქალაქო განათლება.

სკოლა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების 14-17 წლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაგვისაბუთებენ საკუთარ მოტივაციას – რატომ სურთ პროექტში მონაწილეობა – და 2020 წლის 10 იანვრამდე შეავსებენ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას.

კურსის გადასახადი სიმბოლურია და შეადგენს 50 ლარს, რომელსაც მონაწილე უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხდის.

იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, შესაძლებელია ამ გადასახადის მოხსნაც.

პიზას (PISA) კვლევის წლევანდელმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანა ახალგაზრდებს ვერ აძლევს დროის შესაფერის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები საგრძნობლად ჩამორჩებიან განვითარებული ქვეყნების ახალგაზრდებს წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და მეცნიერების სხვა სფეროებში.

ილიაუნის სურს, საკვირაო სკოლით თავისი წვლილი შეიტანოს ამ მდგომარეობის გამოსწორებაში.