უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა. მისივე თქმით, პუტინთან მოლაპარაკება რთულია.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს როგორი შთაბეჭდილებები დარჩა მას რუსეთის პრეზიდენტისგან და არის თუ არა ის ადამიანი, რომელთანაც მოლაპარაკება შეიძლება:

"მოლაპარაკება შეიძლება? უყურეთ, ძალიან რთულია მოლაპარაკება, მაგრამ დღეს იყო მომენტი, როდესაც ჩვენ რაღაცაში მოვრიგდით. რადგან ის ყველა საკითხს დეტალებად შლის... ჩვენ ვიწყებთ თითოეული სიტყვის დარეგულირებას და ეს რთულია. მე სხვანაირი ადამიანია ვარ, სწრაფი. მეგონა, ერთი-ორი და მოვილაპარაკეთ... არა, აქ სხვანაირადაა, ასე ვთქვა, სხვანაირი ბიომექანიკაა", — აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ შთაბეჭდილებებზე საუბარი ნაადრევია, რადგან "ცოტა დრო იყო".

9 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ვლადიმერ პუტინმა პარიზში მოლაპარაკებები გამართეს. ისინი ერთმანეთს პირადადაც ესაუბრნენ.