თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე. უწყების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მათივე თქმით, მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას.

უწყებაში ამბობენ, რომ თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე და დამატებით განცხადებას ოპერაციის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.