გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქემ ახალციხის მუნიციპალიტეტში წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლა.

უწყების ცნობით, მოქალაქემ დათვის ბელი გაუფორმებელი იარაღით მოკლა, შემდეგ კი ნანადირევით გაქცევას შეეცადა, თუმცა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მათივე განმარტებით, ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.